საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ილია მეორისა და რუსეთის პატრიარქ კირილეს მიმოწერას აქვეყნებს.
19 ივლისით დათარიღებულ წერილში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მადლობას უხდის რუსეთის ეკლესიის მეთაურს და აღნიშნავს, რომ „ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში“.
„თქვენო უწმინდესობავ, ქრისტესმიერი სიყვარულით პატივისცემით მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.
გვინდა გამოვხატოთ მადლიერება პირადად თქვენდამი და ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც იღვაწა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, რაც არ იყო მარტივი საკითხი; მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველაფერი კეთილად დამთავრდა და იგი უკვე 14 ივლისიდან ოჯახს დაუბრუნდა.
ასეთი ნაბიჯები განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს და მადლიერების გრძნობის გამოძახილს იწვევენ მოსახლეობაში.
დაე, ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა შეეწიოს ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს, ამინ.
ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, – ვკითხულობთ წერილში.
საქართველოს საპატრიარქომ ზაზა გახელაძისთვის შუამდგომლობის თაობაზე რუსეთის საპატრიარქოს 2021 წლის 23 ივნისს მისწერა.
უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2021 წლის 14 ივლისს დაბრუნდა. ის 2020 წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ქვემოჭალასთან ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას დე ფაქტო სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გახელაძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – „სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ და „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. მიმდინარე წლის 23 ივნისს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ზაზა გახელაძის მამა გეგმავდა, თუმცა პატრიარქის თხოვნა გაითვალისწინა და გადაწყვეტილება შეცვალა.
„მე იმათ მადლობა რაზე უნდა გადავუხადო, ჩემს მიწაზე, რომელიც ჩემმა წინაპრებმა სისხლისა და ოფლის ფასად და სიცოცხლის ფასად დაიცვეს, მე იმ მიწაზე დამიჭირეს, დამჭრეს და მე რა მაქვს იმათთვის მადლობის სათქმელი“, – უთხრა ზაზა გახელაძემ „რადიო თავისუფლებას“ 16 ივლისს.