ილია II რუსეთის პატრიარქს დაკავებული ექიმის შესახებ წერილს უგზავნის

პუბლიკა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთის პატრიარქს წერილს უგზავნის. წერილში საუბარია ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმის შესხებ, ოკუპაციის ზოლიდან ადამიანთა გატაცების შემთხვევებზე და აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის დარღვევის თაობაზე:

„თქვენო უწმინდესობავ,

მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით, და მოგმართავთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ გულისტკივილით ვადევნებთ  თვალს ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევისა და საზღვრისპირა ზოლიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს. ამჯერადაც ყველა შეშფოთებულია  აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენს საზოგადოებაში სამართლიან  დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს.

ამ ფონზე მეტად უარყოფითად იმოქმედა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფ რუსულ სამხედრო ნაწილებს სამი წლით ჯარის მეთაურების დამხმარეებად გსურთ მიავლინოთ სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრები.

რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას.

საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენი ნებართვის გარეშე, სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა, როგორც სამხედრო, ისე ჩვეულებრივ, საერო სივრცეში სამოღვაწეოდ, ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას.

ვიმედოვნებთ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს თქვენს მაღალ მსახურებაში.

პატივისცემით,

ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი”

ვკითხულობთ წერილში.