ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, რის გამოც, ის ინტენსიურ ბლოკში განაგრძობს მკურნალობას.

„როგორც ირკვევა, გუშინაც და გუშინწინაც ჰქონია ტკივილი, თუმცა გუშინ იყო უფრო ინტენსიური და გაუსაძლისი, რის გამოც პაციენტის ტრანსპორტირება მოხდა ჩვენთან. დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიომის მწვავე ინფარქტი, რის გამოც დაუყონებლივ შეიყვანეს კორონოგრაფიაზე. ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა სამი სტენტით. მდგომარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო და იმყოფება ინტენსიურ ბლოკში“, – განუცხადა ექიმმა თამუნა ჭიხორიამ ჟურნალისტებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.