საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს წერილით მიმართავს და მოუწოდებს, კიევ-პეჩორის ლავრის საკითხზე „დაძაბულობის განმუხტვას“ ხელი შეუწყოს.
წერილში გულისტკივილია გამოთქმული რუსეთ-უკრაინის ომის გამო და ასევე „უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ამჟამად არსებული მდგომარეობის გამოც“.
„ჩვენთვის ისიც გასაგებია, რომ მათთან მიმართებაში ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას აქვს თავისი პოზიცია და რელიგიურ სიღრმეებს ნაკლებად ითვალისწინებს. ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, თქვენო ყოვლადუწმინდესობავ.
როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის.
ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბიჯებიც გადადგა მოლაპარაკებებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეკლესიის მხრიდან ამა თუ იმ საეკლესიო საკითხისადმი ერთგულება საუკუნეების განმავლობაში აღიარებული სულიერი ცხოვრების წესის დაცვით არის განპირობებული და სულაც არ ნიშნავს სხვა ეკლესიის უპირობოდ მორჩილებას.
დღეს არსებული მდგომარეობით, მიტროპოლიტ ონოფრეს ჩამოერთვა კიევ-პეჩორის ლავრა, პრობლემებია მის იურისდიქციაში არსებულ სხვა ეკლესია-მონასტრებთან დაკავშირებითაც. ფაქტია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მრავალი მხრიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ყველას ახსოვს სამშვიდობო მისიით გადადგმული თქვენი არაერთი ნაბიჯი და ამიტომაც ვფიქრობთ, იქნებ შეძლოთ, აქაც ხელი შეუწყოთ დაძაბულობის განმუხტვას, რაც, ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე გულისხმობს მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შემდგომ კი, – ურთიერთდაახლოებისკენ მშვიდობიან სვლას“, – სწერს ილია მეორე მსოფიო პატრიარქს.