ილია შამუგიამ 1.3 მლნ ლარიანი ბინა ნახევარ ფასში იყიდა, დეკლარაციაში დარღვევით ასახა - TI

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ილია შამუგიამ 2023 წლის ოქტომბერში „თბილისი გარდენსის“ კომპლექსში 195.7 კვ.მ ბინა საბაზრო ფასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად შეიძინა.

TI წერს, რომ საცხოვრებელ კომპლექსში ანალოგიური ბინის ღირებულება, კომპანიისვე ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია (512 000 აშშ დოლარი) – ილია შამუგიამ კი ბინა 283 000 აშშ დოლარად შეიძინა. ამასთან, მათი განცხადებით, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მან კიდევ უფრო ნაკლები – 226 400 აშშ დოლარი მიუთითა.

TI წერს, რომ:

„ილია შამუგიამ, არასრული და არასწორი ინფორმაცია შეიტანა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს წარადგინა.

დარღვევა I: ილია შამუგიამ „თბილისი გარდენსის“ კომპლექსში შეძენილი 195.7 კვ.მ ბინის ღირებულებად 226 400 აშშ დოლარი მიუთითა, მაშინ როცა ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მან 283 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

დარღვევა II: დეკლარაციაში სრულად არ არის ასახული ინფორმაცია უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, დეკლარაციაში არსად ჩანს ის 56 600 აშშ დოლარი, რაც კონტრაქტის მიხედვით, მან ბინის შესაძენად დამატებით გადაიხადა. ილია შამუგიას დეკლარირებული შემოსავალი არ უნდა ყოფილიყო საკმარისი ამ ხარჯის გასაწევად.

დარღვევა III: ილია შამუგიამ სრულად არ გაასაჯაროვა მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშები, კერძოდ მან არ მიუთითა „თი ბი სი ბანკში“ არსებული ანგარიშები უცხოურ ვალუტაში. დეკლარირებული ინფორმაციით, მას საბანკო ანგარიშებზე ჯამში 20 ლარი აქვს განთავსებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, TI 2024 წლის 13 აპრილს, „ტვ პირველის” გადაცემაში, „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში, გასულ საგამოძიებო სიუჟეტზე დაყრდნობით წერს ილია შამუგიასა და მისი ოჯახის რუსეთთან კავშირებზე.

„შამუგიას ოჯახის წევრებს რუსეთ/საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და ამასთან, რუსეთიდან ნავთობის იმპორტითაც იყვნენ დაკავებულები. როგორც ირკვევა, 2017 წლის თებერვლამდე ილია შამუგია რუსეთში ფეხბურთელი იყო. ცესკო-ს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ილია შამუგია მხოლოდ 2017 თებერვალში რეგისტრირდება და მუშაობას იწყებს საქართველოს პარლამენტში.

კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ილია შამუგიას ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ (სულ მცირე, განათლება და სამუშაო გამოცდილება)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

TI მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ილია შამუგიას დეკლარაცია და იმოქმედოს კანონის შესაბამისად; ასევე – მთავრობის ადმინისტრაციას, გაასაჯაროოს კანონით დადგენილი ინფორმაცია ილია შამუგიას განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე.