ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელა, ამბობს, რომ უნივერსიტეტი ყველა სტანდარტის შესაბამისად აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
მათთვის გაუგებარია, რატომ დააკლო საბჭომ უნივერსიტეტს ქულები და რის შესამოწმებლად უნდა ჩაატაროს ხარისხის ცენტრმა ერთი წლის თავზე მონიტორინგი.
ავტორიზაციის საბჭოს სხდომა გუშინ Zoom-ის საშუალებით გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა.
„პუბლიკასთან“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი ამბობს, რომ სხდომაზე არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რომელიც საბჭოს კომისიის დასკვნის შეცვლის საფუძველს მისცემდა.
„ამას იმიტომ ვამბობ, რომ საბჭოს შეუძლია ექსპერტების დასკვნის შეცვლა, თუ განხილვის დრო გამოიკვეთა ახალი საკითხი და შეიქმნა საფუძველი, რომ ამდენხნიანი ექსპერტების შესწავლის შემდეგ რაღაც გამორჩათ და ამიტომ შეუძლიათ, შეცვალონ შეფასება. მსგავსი საკითხი არ დასმულა“. – ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი და ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გამართვამდე განვლილ ეტაპებზე გვიყვება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაციის მინიჭებამდე უნივერსიტეტებს ექსპერტები ამოწმებენ. საამისოდ ეცნობიან სხვადასხვა დოკუმენტს და მართავენ ვიზიტებს უნივერსიტეტებში. 9-თვიანი პროცესის დასრულების შემდეგ დასკვნა ეგზავნება უნივერსიტეტს, ავტორიზაციის საბჭო კი მას სხდომამდე 10 დღით ადრე იღებს.
ქეთი ცოტნიაშვილის თქმით, სხდომაზე საბჭოს არგუმენტები არ წარუდგენია, არ განუმარტავთ, რაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა, კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით, მათ ამის ვალდებულება ჰქონდათ.
„მთავარი განხილვის დასრულების შემდეგ საბჭო გავიდა, 15 წუთში შემოვიდა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საბჭოს თავმჯდომარე, ზურაბ ორჯონიკიძე – სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, იძახის, რომ გილოცავთ, თქვენ მოგეცათ ავტორიზაცია, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება მონიტორინგი.
ყველა დაიბნა, რადგან არ დაასახელა არგუმენტი, რის გამო დაინიშნა მონიტორინგი, რა უნდა გადამოწმდეს მონიტორინგის შედეგად, ყველაფერი რიგზე იყო ექსპერტთა დასკვნაში. უნივერსიტეტის მხრიდან დაისვა შეკითხვა, თუ რატომ. რის შემდეგაც მან თქვა, რომ განხილვაში შესვლას არ აპირებდა, გათიშა და გამოაცხადა 10-წუთიანი შესვენება. შემდეგ მეც მივიწერე ჩატში და ვთქვი, რომ ასე არ შეიძლებოდა.
ცენტრის წარმომადგენელმაც თქვა, რომ რაღაც განმარტება აუცილებელი იყო. ვკითხეთ, რომელ სტანდარტში იყო პრობლემა და გვითხრა, რომ ეს ყველაფერი აისახება ოქმში, რომელიც, წესით, 2 კვირაში უნდა გამოქვეყნდეს. ეს ნიშნავს, რომ გუშინ ვერც ვერაფერი ნახეს. ეჭვი მაქვს, რომ მიიღეს რაღაც დავალება, რომ შეფასებები უნდა დააკლონ და 2 კვირის განმავლობაში უნდა შეთითხნონ არგუმენტები, რომ გაამყარონ, რატომ დაწიეს შეფასებები ან რომელ სტანდარტებში.
ძალიან ბუნდოვანი იყო პასუხები და გადაწყვეტილებაც ბუნდოვნად ჩამოაყალიბა, რაც რეგულაციაში საერთოდ არ წერია. თან საგულისხმოა, რომ ოქმში უნდა აისახოს ის, რაც მოხდა საბჭოზე და ახალ რაღაცებს ვერ დაამატებენ. ჩანაწერი გაკეთდა და წესის მიხედვით, ოქმის გამოქვეყნებისთანავე ის ნადგურდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეს ჩანაწერი გამოითხოვა გუშინვე, თუმცა არ ვიცი, მისცემენ თუ არა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისცენ“. – ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი.
„პუბლიკა“ განმარტებისთვის დაუკავშირდა ხარისხის მართვის ცენტრს. ცენტრში გვითხრეს, რომ უნდა დაველოდოთ საბჭოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2 კვირაში გამოცხადდება.
„პუბლიკა“ ავტორიზაციის საბჭოს რამდენიმე წევრსაც დაუკავშირდა. მოუცლელობის გამო ჩვენთან საუბარი ვერ შეძლო საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ ორჯონიკიძემ.
ვესაუბრეთ ლევან მიდოდაშვილსა და სერგო ჭელიძეს. მიდოდაშვილს მიაჩნია, რომ სხდომაზე წარმოდგენილი იყოს საბჭოს მხრიდან არგუმენტები და ის წერილობით სახითაც 2 კვირაში გამოქვეყნდება.
სერგო ჭელიძის თქმით კი, საბჭომ გადაწყვიტა, რომ ჰქონდა რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებზეც ერთი წლის თავზე მოამზადებს უნივერსიტეტი ანგარიშს და „აქ არაფერი საპანიკო არაა. არანაირი პირობითი ავტორიზაცია ეს არ არის, როგორც ზოგიერთმა გაავრცელა. ეს არის სრული ავტორიზაცია და ერთ წელიწადში წარმოადგენენ ანგარიშს. ეს არის და ეს.“ – უთხრა „პუბლიკას“ სერგო ჭელიძემ.
რა არის ავტორიზაცია?
ავტორიზაცია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმია. მიზანი დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაა და ის სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
მხოლოდ ავტორიზებულ დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემის უფლება.
ავტორიზაციის საბჭოს სხდომას წინ უძღვის, ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის მუშაობა. ექსპერტები სწავლობენ დოკუმენტებს, ახორციელებენ ვიზიტებს უნივერსიტეტებში და ა.შ.
ამის შემდეგ მზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო 15 წევრისგან შედგება. წევრებს მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი 1 წლის ვადით ნიშნავს.
ავტორიზაციის საბჭოს შეუძლია მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები: ·
- ავტორიზაციის მინიჭება;
- ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
- ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
ამასთანავე დაწესებულებამ შეიძლება მიიღოს ავტორიზაცია, თუმცა განესაზღვროს ვადა მიღებული რეკომენდაციების თაობაზე ანგარიშის წარმოსადგენად ან/და საბჭომ დააყენოს შუამდგომლობა ორი წლის ვადაში დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების თაობაზე ან/და დაწესებულებას შეეზღუდოს სტუდენტების მიღება. თითოეული პირობა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ მიღებულ შეფასებებზე – ვკითხულობთ ცენტრის გვერდზე.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია.