ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის წარმომადგენლები „ქართული ოცნების” მიერ ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანებიან და აღნიშნავენ, რომ „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, მათთვის მიუღებელია:
„როდესაც უნივერსიტეტებს ასე დაუნდობლად და გაუაზრებლად ჩეხენ, აჩერებენ წარმატებულ პროგრამებს, გვაიძულებენ შევეგუოთ ჩვენი კოლეგების უმრავლესობის მიერ უნივერსიტეტის დატოვებას და საფრთხის ქვეშ აყენებენ საუნივერსიტეტო იდეასა და ხარისხიანი განათლების შესაძლებლობას, უმოქმედოდ ვერ ვიქნებით. განათლების სკოლის ფუნქციონირება ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.
უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების არსებობა აუცილებელია განათლების სფეროს სპეციალისტების მომზადებისთვის. განათლების სკოლის პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ უნივერსიტეტის წინაშე. ჩვენ როგორც განათლების სფეროს სპეციალისტები ვთვლით, რომ ამ მოცემულობით გამოუსწორებელი ზიანი ადგება უმაღლეს განათლებას და უკლებლივ ყველა უნივერსიტეტს, რასაც ვერ შევეგუებით.
მოვითხოვთ, იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას, რომლებიც სპობს უნივერსიტეტის ავტონომიას, არაეროვნული და არაკონსტიტუციურია. ერთობისკენ მოვუწოდებთ უნივერსიტეტებს, რომ დავიცვათ საქართველოს აკადემიური საზოგადოების ღირსება და ქვეყნის მომავალი” – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები დარჩება. დღევანდელი მონაცემებით, ილიაუნი 30-ზე მეტ საბაკალავრო პროგრამას ახორციელებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი გიორგი გვალია აცხადებს, რომ „ოცნების“ განათლების რეფორმის შედეგად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კარგავს პროგრამებისა და სტუდენტების 90%-ს.