ილიაუნის რექტორი: მძიმე შედეგებს მოიტანს ადამიანის უფლებების, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებზე

პუბლიკა

ილუაუნის რექტორი ნინო დობირჯგინიძე ეხმაურება აგენტების შესახებ კანონპროეტების განხილვას და აღნიშნავს, რომ „უკვე მერამდენემ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან გვითხრა, რომ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონი ხელს შეუშლის ჩვენს ინტეგრირებას ევროკავშირთან”

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ეს შეფასება უკვე ნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძალიან დაგვაზარალებს:

„ერთი მხრივ, გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, მეორე მხრივ, რეპუტაციულად შეეხება ჩვენს უცხოელ დონორებს, რაც აისახება კიდეც მათ მიერ სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსების შეზღუდვაზე. ერთიც და მეორეც მძიმე შედეგებს მოიტანს ადამიანის უფლებების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, მცირე მეწარმეობისა და სხვა სფეროებზე.

ჩვენი პარტნიორების მხრიდან საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების შეზღუდვა მხოლოდ ერთი ინსტიტუციის, ილიაუნის მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ნიშნავს, არ გქონდეს:

• საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამები გიოტინგენის, მიუნსტერის, ჰალეს, მონპელიესა და გენტის უნივერსიტეტებთან;

• საერთაშორისო ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები გლაზგოსა და ტარტუს უნივერსიტეტებთან; სპეცალური საჭიროებების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და ამ მიმართულებით კვლევების შესაძებლობა; ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამები;

• ინსტიტუციური განვითარების, სტუდენტთა, მკვლევართა, პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის 2000-ზე მეტი გაცვლითი პროგრამა სხვადასხვა პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტთან;

• გაცვლითი პროგრამები და ინდივიდუალური სასწავლო და კვლევითი პროგრამები ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებთან;

• სტემისა და ტექგანათლებლის სპეციალური პროგრამები სკოლებისთვის, საზაფხულო ბანაკები, მასწავლებელთა საგანმანათლებლო საუნივერსიტეტო ქსელი;

• საქართველოში სეისმური მონიტორინგის სადგურების ქსელი (ყველა სადგური უცხოური დაფინანსებით აშენდა), მთელი ქვეყნის და საერთაშრისო მასშტაბით მუდმივი შეტყობინების სისტემა;

• უფლისციხის კლდეებში ძეგლის კონსერვაციისა და მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული შეტყობინების სისტემა;

• ასეთივე სისტემა და ზოგადად, კლდის ძეგლების მონიტორინგი საბერეებსა და ვარძიაში;

• უამრავი კვლევითი თუ სარესტავრაციო საგრანტო პროექტი ჩვენი კულტურული თუ ენობრივი მემკვიდრეობის გადასარჩენად;

• მთარგმნელობითი პროექტები კვლევითი ნაშრომებისა და დარგობრივი სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე სათარგმნად – თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსების დიდი უმეტესობა ამგვარად იქმნება;

ეს სია ძალიან გრძელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანაში არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სფეროს განვითარებისთვის”, – წერს ის.