აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის ილონ მასკის განაცხადებით, ის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე დაწერა.
„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის, თანამდებობაზე ყოფნის დრო იწურება, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უსარგებლო ხარჯების შემცირების შესაძლებლობის მოცემისთვის.
DOGE-ის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა“, – წერს მასკი.
როგორც თეთრის სახლის წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა, გადაწყვეტილება მასკის გათავისუფლების შესახებ ძალაში დღეიდან შევა.
იქამდე ილონ მასკმა CBS-ის ეთერში განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ხარჯების შესახებ კანონპროექტით, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას დაამტკიცა და რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უჭერს მხარს.
კანონპროექტი მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს, საზღვრის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდას და სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას ითვალისწინებს.
მასკის შეფასებით, ეს კანონპროექტი ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას.
კონგრესის ინფორმაციით, კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში 2034 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტს 3,8 ტრილიონი დოლარით გაზრდის.