იმ ამოცანას, რაც ვიზების დაწესებით შეგვეძლო მიგვეღო, ისედაც ვაღწევთ - დავითაშვილი

პუბლიკა

„პირიქით, ადამიანებს, ვისაც არ უნდა [რუსეთის] რეჟიმთან ერთად ცხოვრება, შეიძლება, ვაჩვენოთ დემოკრატიული ჩვენი ქვეყანა და ვაჩვენოთ გახსნილობა ამ კუთხით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე. მას რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ჰკითხეს.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრმა ორგანიზაციებმა რუსეთთან მოკლევადიანი სავიჟო რეჟიმის ამოქმედება მოითხოვეს და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე ღია მიმართვა გაავრცელეს.

როგორც დავითაშვილი ამბობს, არსებობს მომატებული რისკი, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ აგრესორები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს ვითარებას, რომ ქვეყანაში არ შემოვიდნენ ის პირები, რომლებსაც კანონმდებლობასთან აქვთ პრობლემა.

„2010 წელს მოხდა სავიზო რეჟიმის შემსუბუქების დაწყება და ეს მოხდა საქართველოში, ზუსტად ომის შემდეგ, წინა ხელისუფლების დროს. საქართველომ განიცადა აგრესია, საქართველომ განიცადა ოკუპაცია… მე მესმის, რომ სურვილი იყო, არა ის, რომ ჩვენ აგრესიისთვის მხარი დაგვეჭირა და აგრესორები შემოგვეყვანა…მაშინაც რისკები იყო და დღესაც არის ეს რისკები მომატებული, არამედ ის, რომ ადამიანები, პირიქით, ვისაც არ უნდა რეჟიმთან ერთად ცხოვრება და ადამიანებს, პირიქით, შეიძლება, ვაჩვენოთ დემოკრატიული ჩვენი ქვეყანა და ვაჩვენოთ გახსნილობა ამ კუთხით. ეს იყო მოტივაცია მათ შორის, როდესაც სავიზო რეჟიმი შემსუბუქდა საქართველოს მხრიდან მოიხსნა რუსეთის მიმართ.

ჩვენ იმავე აზრზე ვართ, რომ ადამიანებს უნდა მივცეთ საქართველოში მოსვლის უფლება, ოღონდ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ კანონმდებლობასთან პრობლემები, რომლებიც არ არიან სანქცირებულები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის რისკს არ წარმოადგენენ და ახლა ასოციაციის განცხადება მე მესმის რისკებთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ასოციაციასთან [ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი]. თუმცა, ალბათ, კომუნიკაციის ნაკლებობაა. მიუხედავად რეჟიმისა, სავიზოა, გამარტივებული სავიზოა, მოკლევადიანი სავიზოა, იმავენაირად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ყველანაირ ფილტრს და აკეთებს კონტროლს. იმ ამოცანის მიღწევა, რაც ჩვენ შეიძლება მიგვეღო ვიზების დაწესებით, ამას ისედაც ვაღწევთ“, – თქვა მან.

[სტილი დაცულია]