აქციების შემდეგ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანრი კვარაცხელიას ცოლი, ნუცა ერემიანი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში იხსენებს 5 დეკემბრის დილას, როცა კვარაცხელია დააკავეს.
ნუცა ერემიანი ჰყვება, რომ დილის 07:20 წუთზე სახლში უკანონოდ შეიჭრნენ პოლიციელები, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ანრი კვარაცხელიას – ერემიანის თქმითვე, პოლიციელთაგან ერთ-ერთი მას ყელში სწვდა. ის ჰყვება, რომ 5 დეკემბრის შემდეგ დაეწყო სუნთქვის პრობლემები, ექიმთან მისულს კი უთხრეს, რომ მუცელი მოეშალა.
„ანრი დააკავეს 5 დეკემბერს, რვის 20 წუთზე. უკანონოდ შემოიჭრნენ ჩვენს სახლში, დილის საათებში. ისეთს სანახაობას შევესწარი, დღემდე მომყვება ძალიან დიდ ტრავმად. ხმაური გავიგეთ რვის 15 წუთზე, ჩვენი ბინის მეპატრონე საუბრობდა ვიღაც უცხო ადამიანებთან ერთად და ჩავთვალე, რომ მეზობლები, ან მისი ნაცნობები იყვნენ.
ანრის რომ ვუთხარი ეს ყველაფერი, ანრიმ თქვა, რომ მე მგონი, მოვიდნენო. კარი ჩაკეტილი გვქონდა და ამ დროს, კარზე გვესმის ხმაური, როგორ ცდილობდნენ ბლაგვი ნივთით სახელურის გატეხას და სახლში ჩუმად შემოჭრას. მათი პირველი წინადადება იყო, რომ თუ შეიძლება, მანქანა გადააყენეთ და ერთი ჭიქა წყალი რომ მოვაწოდოთ, ცუდად ვარ”. ჩვენ მანქანა არ გვყავს და უკვე გარკვეული მოცემულობიდან გამომდინარე ვიცოდით, რაშიც მდგომარეობდა საქმე.
დაჟინებით ვთხოვდით, საბუთი, ან ჩხრეკის ორდერი, რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინათ, მაგრამ არა, რატომღაც, ძალადობის მხარე უფრო აირჩიეს. კარს არ ვაღებდით, ჩვენი სახლი არცთუ ისე დიდია, სიმართლე გითხრათ და ფანჯრის მხრიდან მესმის ბრახუნი, როგორ ურტყამს წიხლს და ხელებით როგორ აწვება ფანჯარას, რომ ფანჯარა ან გადმოანგრიოს შიგნით ან ჩატყდეს. კარს უკვე ვეღარც ვიჭერდით, სახელური იმდენად გატეხილი იყო, ძირს ჩამოვარდა და მხოლოდ ბუდე იყო დარჩენილი. სახლში იყო 15-მდე ადამიანი, არცერთი სიტყვის გადაჭარბების გარეშე – იმიტომ, რომ 2 ადამიანი მე მაკავებდა, 2 ჩემი მეუღლის დას, დანარჩენი ანრის, ჩემს მეუღლეს იგერიებდნენ ცემით, წიხლებით, მუშტებით, გინებით, ზოგი პროვოცირებას უწევდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი რომელიც იყო, ჩემს წინ დადგა და ხელით ყელში მწვდა, ორივე ხელით და კითხულობდა, ჩემს მეუღლეს, სად არის და იგინებოდნენ დედის მიმართულებით. ანას ერთი თმებშიც სწვდა, ხელები მოუგრიხა, ზურგზე დაადებინა და წელზე მოკიდა ერთ-ერთმა ხელი ისე, რომ მას სუნთქვა შეეკრა და გადააგდო კარადის მიმართულებით ძირს. ანრის კი არ გაიყვანეს, გაათრიეს სახლიდან, თმებში ხელი მოჰკიდეს, ეცვა მხოლოდ საცვალი და წინდები ფეხზე, სრულიად ტიტველი ამ ყინვაში. ამ შეტაკებების დროს, რომელიც ჩვენს სახლში მოხდა, ცემა-ტყეპის დროს, ამ ყველაფრის შემდეგ დამეწყო სუნთქვითი პრობლემები, გამირთულდა, მიმდიოდა გული, ვერ ჭამდი ვერ საჭმელს, ვერ ვიძინებდი, ეს სტრესის ბრალიც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ექიმთან როცა წავედი, მითხრეს, რომ სამი კვირის ვადაზე მომეშალა მუცელი, იყო სტრესის ბრალი, მჭირდებოდა ძალიან დიდ ხნიანი დასვენება, კარგი ძილი.. დღემდე ვებრძვი შფოთვით აშლილობებს”, – ჰყვება ის.
ნუცა ერემიანის თქმით, აქციაზე მას გაზის კაფსულა მოხვდა, რის შემდეგაც ანრი კვარაცხელიამ ნიღაბი მოიხსნა და პოლიციელებს შეაგინა, თუმცა როგორც ერემიანი ჰყვება, კვარაცხელიას პოლიციელების მიმართულებით არ უსვრია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი:
„დააკავეს პოლიციელზე განზრახ თავდასხმით, რაც არის სრული აბსურდი. ჩემი მეუღლის ერთადერთი დამადასტურებელი ვიდეო ის არის, რომ ანერვიულებულ ფონზე, როცა მეფარა სამშენებლო ქუდი, თავში მომხვდა კაფსულა, გავეხვიე ძალიან დიდ კვამლში, მაქვს ისედაც სუნთქვითი პრობლემები, ეს რომ დაინახა და გაიაზრა, რომ კვამლში დამკარგა და შეიძლება, ამასობაში ჩვენი რობოკოპებიც, მოძალადეები წინ წამოსულიყვნენ და საერთოდ დავეკარგე, აფექტის მდგომარეობაში, ერთადერთი ვიდეოა, სადაც უბრალოდ ნიღაბს იხსნის, იგინება მათი მიმართულებით, რომლებიც დგანან უზომოდ შორს, ფაქტობრივად, პარლამენტის მეორე ჩასახვევთან და ჩვენ ვდგავართ თეატრის უკან
[…] დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ის არ არის ანრი [ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ვინც ისვრის], რადგან იმ მომენტში იქ ვიყავი, ვხედავდი ყველაფერს, ის უბრალოდ დგას და ჩანს მისი მარჯვენა ხელი, მას არც სანთებელა უჭირავს, რომ მოეკიდებინა ბოთლისთვის, არც ისვრის და მხოლოდ და მხოლოდ, რატომღაც ეს მომენტი აქვს POSTV-ის ამოჭრილი და ატრიალებენ სოციალურ ქსელებში”.
1999 წელს დაბადებულ ანზორ [ანრი] კვარაცხელიას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელზე თავდასხმას ედავება – კერძოდ, შსს ამტკიცებს, რომ კვარაცხელიამ პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.