იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ სჭირდებათ კომუნალურზე შეღავათი, უარის თქმა შეეძლებათ - გახარია

პუბლიკა

გიორგი გახარიამ „TV იმედის” ეთერში კომუნალური გადასახადებზე დაწესებული შეღავათების შესახებ ისაუბრა. დღეს მთავრობის სხდომაზე გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო სამი თვის განმავლობაში საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატამდე ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს, კომუნალურ გადასახადებს დაუსუბსიდირებს.  მისი თქმით, მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელსაც არ სჭირდება ეს დახმარება, უარის თქმა შეეძლება.

„ელექტროენერგიის ნაწილში გათავისუფლება ეხება მილიონ ორასი ათასს აბონენტს, საქართველოში დღეს საერთოდ არსებობს მილიონ რვაასი ათასი აბონენტი. გაზის ნაწილში მილიონამდეა აბონენტი და 650 ათას აბონენტს ეხება ეს. ჩვენ ყველაფერი მოვსინჯეთ და მსგავსი ნაბიჯი არის სოციალური მხარდაჭერის ყველაზე სამართლიანი სტრუქტურა, რთულია იდენტიფიცირება ადამიანმა დაკარგა თუ არ დაკარგა შემოსავალი. მესმის, რომ იდეალური არაფერია და ხარვეზები ყველა შემთხვევაშია. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე ბინა აქვთ. ჩვენ ვესაუბრეთ ყველა მიმწოდებელს და აქ შექმნილია პროგრამა, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ყველა პატიოსან მოქალაქეს, უარი თქვას ამ დახმარებაზე, თუ ეს მას არ სჭირდება, რა თქმა უნდა, ეს მოხმარდება სხვა ადამიანებს. იყო შეკითხვები, ვინც პატიოსნად მარტის გადასახადი გადაიხადეს, ამ გადასახადს სახელმწიფო მათ დაუსუბსიდირებს და გადავა შემდგომ პერიოდში”, – განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – დაეხმარება თუ არა მიზნობრივი პროგრამებით სახელმწიფო ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა? – გახარიამ უპასუხა, რომ ასეთი ადამიანების იდენტიფიცირების შემდეგ შეიქმნება მიზნობრივი დახმარების პროგრამებიც.

„რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს საკმარისი არაა და მოგვიწევს იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, რომელმაც შემოსავალი დაკარგა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ასეთი მიზნობრივი დახმარება იქნება. ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობები შეზღუდულია და უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა გუნდსა და ხელისუფლებაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მწირი შესაძლებლობები იყოს რაციონალურად და სამართლიანად გამოყენებული. ჩვენი ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს, მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ განსაკუთრებით მაშინ, როცა ვერავინ გვეუბნება, ეს კრიზისი რა პერიოდი გაგრძელდება, ერთი კვირა, ერთ თვე თუ 6 თვე”, – განაცხადა გახარიამ.