იმ მოსამართლეების სანქცირების აუცილებლობა, რომლებიც „კლანს“ უწყობენ ხელს, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს - სამადაშვილი

პუბლიკა

„შეიძლება, დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეებთან მიმართებით ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, რომლებიც ამ კლანის მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს“ – აცხადებს აშშ-ში ვიზიტით მყოფი ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

სალომე სამადაშვილის კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ში ვიზიტით ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია იმყოფებიან. პრესსამსახურის ცნობით, ისინი წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამადაშვილი გამოხატავს მოლოდინს, რომ შტატებში შეხვედრაზე მიიღებენ მკაფიო გზავნილებს და განიხილავენ ზეწოლის მექანიზმებს ხელისუფლებაზე მიშელის დოკუმენტის შესასრულებლად.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორებისგან იქნება მკაფიო გზავნილები მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით.

მისივე თქმით,„ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა ის მცდელობა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას უქმნის საფრთხეს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან ძალიან ცუდად იქნება აღქმული.

„უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და ზედმიწევნით შესრულდეს მიშელის შეთანხმება. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, იქნება ძალიან ცუდად აღქმული“, – განაცხადა სამადაშვილმა.

„ლელოს“ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ასევე, იმ ადამიანების ჯგუფთან, რომლებიც მუშაობს საქართველოსთან მიმართებით პოლიტიკაზე.

„უახლოეს დღეებში ჩვენ ვნახავთ მკაფიო გზავნილებს ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან, იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეჩერდეს აუცილებლად მოსამართლეების დანიშვნის პროცესი და უნდა შესრულდეს ზედ მიწევნით მიშელის შეთანხმება.

ერთი რამ არის ფაქტი – ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნისთვის წინ წასასვლელად არის მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ, ყველანაირი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ შეთანხმების შესრულებას შეუქმნას საფრთხე, იქნება ძალიან ცუდად Აღქმული.

დღეს ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა, რომ შეიძლება დღის წესრიგში დადგეს იმ მოსამართლეების მიმართებაში ტარგეტირებული სანქციების შემოღების აუცილებლობა, რომლებიც ამ კლანის მუშაობას და მის არსებობას უწყობს ხელს. ეს არის ის დისკუსია, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან.

მიგვაჩნია, რომ ზეწოლა უნდა გაიზარდოს ყველანაირი საშუალებით, რომ ჩვენს ქვეყანას არ წაერთვას შანსი მართლა გახდეს NATO-ის და ევროკავშირის წევრი. არსებული სასამართლოს სისტემით, მაშინ, როცა კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არსებობს და იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშეა რეალურად საქართველოს შანსი, რომ წინ წავიდეს ნატოს მიმართულებით არ აქვს. ეს მოვისმინეთ ჩვენ, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად მივიღებთ ძალიან მკაფიო არამხოლოდ გზავნილებს, არამედ კონკრეტული ზეწოლის მექნიზმებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, მიშელის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.