იმ სუფრაზე მყოფი 97 პირიდან 76-ს უკვე დავუკავშირდით – ამბობს tv პირველთან საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
საუბარია წლისთავზე, სადაც მარნეულელი პაციენტი #54 იმყოფებოდა.
გამყრელიძის ინფორმაციით, ეს ადამიანები თვითიზოლაციაში არიან, და „ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს”.
„სადაც სიმპტომი გამოიკვეთება, იქ ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება”. – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების იმგვარი შემთხვევა დადასტურდა, რომლის დროსაც ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სავარაუდოდ, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების – წლისთავის დროს.
ამის შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონებად გამოცხადდა.
პაციენტი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს. ექიმის თქმით, შუახნის ქალის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია, თუმცა მკურნალობის შედეგად ექიმები სასიცოცხლო პარამეტრებს ინარჩუნებენ.