„იმ უბნებზე პრობლემა აღმოიფხვრა, მოთხოვნილი ოქმები ჩამბარდა“ - ანა წითლიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის უბნებზე პრობლემა აღმოიფხვრა და ყველა მოთხოვნილი ოქმი ჩააბარეს. მისივე თქმით, 36 დათვლილი უბნის შედეგებით, ზუგდიდის მერობის არჩევნებში ანზორ მელია ლიდერობს.

„იმ უბნებზე აღმოიფხვრა პრობლემა, ყველა ოქმი ჩემი მოთხოვნის შემდეგ ჩამაბარეს, არის კიდევ რამდენიმე უბანი, სადაც მიმდინარეობს ჯერ კიდევ დათვლა. სულ არის 108 უბანი, დათვლილია 36 და 36 უბნის მონაცემებით, ანზორ მელიას აქვს 47,24%  და მამუკა წოწერიას აქვს 40,59%. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი არის ალბათობა იმისი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს და გახდეს ანზორ მელია ზუგდიდის მერი“, – აცხადებს ანა წითლიძე.


ანა წითლიძე დღეს აცხადებდა, რომ ზუგდიდის ოლქის რამდენიმე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერასა და შემაჯამებელი ოქმების გაცემას აჭიანურებენ საოლოქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის დავალებით. მისივე თქმით, აღნიშნულ უბნებზე ხმების მიხედვით ოპოზიცია ლიდერობს და „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს ოქმების ჩასწორება სურდათ. მირანდა მესხი ბრალდებებს უარყოფს.