„იმაზე სწრაფი გავრცელება, რაც ჩვენ გვქონდა დაახლოებით სამი კვირის წინ, ძნელად წარმომიდგენია იმ ახალ შტამსაც რომ ჰქონდეს. მთავარი ახალ შტამთანაც რჩება იგივე. ეს არის პირბადე და დისტანცია. სხვა გზა, ჯერჯერობით, არ არსებობს მსოფლიოში იმისათვის, რომ გავრცელების სიჩქარე შენელდეს. ასე რომ, გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის, ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად.
მისივე განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში კვლავ მიმდინარეობს კვლევა საეჭვო შემთხვევების გამოსავლენად.
„ჩვენ ვაკეთებთ სეკვენირებას ვირუსებისას. თუ არ ვცდები, მსოფლიოს 20 ქვეყანას შორის ვიყავით ვინც სეკვენსი გააკეთა და ატვირთა მსოფლიო ბაზაში., ეს მუშაობა გრძელდება ლუგარის ცენტრში. ახლა უნდა გადავარჩიოთ ის საეჭვო შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა იყოს ახალი შტამი და მათი სეკვენირება უნდა მოხდეს. ასე რომ, ამას გავაკეთებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი განსხვავება არაა ახალ შტამსა და ძველ შტამს შორის. მაშინ, როცა ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით მსოფლიოში. 3-4 კვირის წინ ჩვენ ვიყავით მსოფლიოში პირველები გავრცელებით, აქედან გამომდინარე. ახალმა შტამმა არა მგონია რაიმე შეცვალოს, გარდა იმისა, რომ (საჭიროა) პირბადე და დისტანცია“, – განაცხადა იმნაძემ.