„იმდენად უინტერესო კამპანია აქვთ, ამით ცდილობენ აქტუალიზაციას“ - იონათამიშვილი „ლელოს“ ბრალდებაზე

პუბლიკა

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საბა ბუაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართეს და წინასაარჩევნოდ მოქალაქეების მიმართ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიის გაძლიერება აშინებს და მიმართავს თვალთვალის, დაშინებისა და შანტაჟის გზებს.

„ლელოს“ ბრალდებას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პასუხობს. ის ამბობს, რომ „ლელო” ასეთი არარსებული საკითხებით ცდილობს აქტუალიზაციას, რადგან მათ საზოგადოების ყურადღება და მხარდაჭერა არ აქვთ.

„ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოებისგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, თვითაქტუალიზაციას რაღაც ამბების მოგონებითა და დადგმით ცდილობენ. ამასთან, ფიქრობენ, თუ საუბარს ასეთ საკითხებზე გადავიტანთ, ამით აქტუალიზაციას შეძლებენ. იმდენად უინტერესო საარჩევნო კამპანია აქვთ, ამით ცდილობენ ისინი ტელეეკრანებთან გამოჩენას“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.


ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით – II252HH. ხოლო უშუალოდ მასზე, ბუაძის თქმით, თვალთვალს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით – AA055EE ახორციელებს. გარდა ამისა, ბუაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, ლაშა გვასალიას მიერ სოციალური ქსელის საშუალებით პარტიის წევრ ქალ მხარდამჭერებზე სავარაუდო ზეწოლასა და ბულინგსაც შეეხო. ის ამბობს, რომ „ლელოს“ წევრს გვასალია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა.