აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.
წერილს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე ავრცელებს.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო,
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე.
ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით. იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის „უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს“, – ვკითხულობთ წერილში.