აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვედა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივ სენატორმა ყურადღება გაამახვილა უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი 30 წელია, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან ასე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ინსტიტუციების მშენებლობა, ასევე პარტნიორების შესაძლებლობების ამაღლება და დემოკრატიის განმტკიცება.
თვალს ვადევნებთ ამ საშინელ დროს, თუ რა ძალადობა და აგრესია მიმდინარეობს უკრაინაში. დიდი მადლობა იმისათვის, რომ თქვენ ასეთ მკაფიო განცხადებას აკეთებთ. დიდი მადლობა, რომ საქართველომ გაეროში, კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა“, – განაცხადა კრის კუნსმა.
სენატორმა სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი დელეგაციის აქ ყოფნის მიზეზი ის არის, რომ საქართველო მნიშვნელოვანია და ხედავს, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყანა რეგიონსა და მსოფლიო არენაზე.
„ჩვენ ყველანი, დელეგაციის მასშტაბით, ნამდვილად მხარს გიჭერთ და მხარს ვუჭერთ თქვენს ლიდერობას. დიდი მადლობა თქვენ შესანიშნავი პროგრესისთვის, რაც მიღწეული არის საქართველოში ხალხის მიერ, 1992 წლიდან მოყოლებული, კონფლიქტის, დაყოფისა და გარე საფრთხეების მიუხედავად.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია და ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ და არ მოხდეს პოლარიზება და დაყოფა, არც შიგნით და არც გარეთ“, – განაცხადა სენატორმა.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ბრძოლაში მარტო არ არის და რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პირველივე დღიდან ამერიკის მიერ გამოცხადებული სოლიდარობა, ევროკავშირისა და ამერიკის ქვეყნებს შორის უპრეცედენტო ერთიანობა უკრაინის და უკრაინელების მხარდასაჭერად.
„საქართველოს კარგად ესმის თუ რას ნიშნავს ომი, ოკუპაცია და თავისუფლებისთვის ბრძოლა, ესმის სოლიდარობის ფასი და ამიტომ, დღეს ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს, როცა ალყაში მოქცეული მარიუპოლი უნდათ, რომ აწამონ და ახალ სტალინგრადად აქციონ, მინდა აქ და თქვენი თანდასწრებით, უკრაინელ ხალხს გამოვუცხადო საქართველოს სრული თანადგომა. დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ ერთი ძლიერი გზავნილია, რომ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ დათმობს. ამ მძიმე კონტექსტში თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს არ ივიწყებთ და თქვენი ყურადღება საქართველოს მიმართ არ ნელდება არც მიმდინარე ომის ფონზე, არც სხვა გამოწვევებიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და კავკასიის რეგიონის სტაბილურობაზე ერთად ზრუნვა.
„თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როცა საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ემზადება ევროპული ინტეგრაციის ახალი გადამწყვეტი ეტაპისთვის. თქვენი მხარდაჭერა საკვანძო იქნება მადრიდის ნატოს სამიტზე, რათა ღია კარის პოლიტიკას მიეცეს ახალი ბიძგი და ახალი პერსპექტივა. და ბოლოს, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაში თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება, რათა ყველა სფეროში ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს და გაძლიერდეს და გადავიდეს ახალ საფეხურზე შემდეგი 30 წლისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.