იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს - კარლ ჰარცელი

პუბლიკა

„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც მიმდინარე კრიზისის დროს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი მიკოლაი ბეკასიაკთან ინტერვიუში საუბრობს.

როგორც ჰარცელი აღნიშნავს, COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი თანხის (1.5 მილიარდი) თითქმის 2/3 გრანტის, ანუ საჩუქრის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი – მაქსიმალურად შეღავათიანი სესხის სახით.

მისივე თქმით, დახმარება ოთხ სფეროზე გადანაწილდება. როგორც კარლ ჰარცელი ამბობს, ცალკეულ შემთხვევებში მათ მკაფიოდ განსაზღვრეს, თუ რას უნდა მოხმარდეს ევროკავშირის ფული.

„,,მდგრადობის გაზრდის შესახებ ხელშეკრულებაში“ განსაზღვრული გვაქვს კონკრეტული მიზნები, მაგალითად, სულ მცირე 70 000 ოჯახისთვის დამატებითი მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიის მიერ პანდემიის პირობებში თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის სულ მცირე 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა. ეს არის ძალიან კონკრეტული მიზნები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ უკვე გვაქვს კონტროლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომლებსაც მომავალშიც გამოვიყენებთ“, – განაცხადა ჰარცელმა.

ჰარცელის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირმა საქართველოს უკვე გადასცა სამედიცინო აღჭურვილობის დაახლოებით 2 მილიონი ერთეული, მათ შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს. ჩვენი დახმარება ნაწილდება საქართველოს 9 ლაბორატორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, აგრეთვე 4 000-ზე მეტ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლსა და ექიმზე, რაც მათ მოვალეობის შესრულებაში ეხმარება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ინტერვიუს დროს.