იმედი მაქვს, დროულად გვექნება დიდ ქალაქებში სწავლის საკლასო ოთახში განახლებაზე საუბარი - გაბუნია

პუბლიკა

„იმ სკოლებში, სადაც დღეს საკლასო ოთახებში სწავლება აღდგა, მთავარი არის ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა და სკოლები ამისთვის მომზადებულები არიან. რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, პირბადე არის მთავარი ინსტრუმენტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რაც შეეხება დიდ ქალაქებს, გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ ამაზე მსჯელობა დროულად დაიწყება.

„ეს წესები სკოლებისთვის რაც არის, უნდა დავიცვათ. შემდეგ უკვე დიდ ქალაქებში, იმედი მაქვს დროულად გვექნება საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე საუბარი…

ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებში სასწავლო პროცესის დროულად აღდგენა. საუბარია საკლასო ოთახებში, თორემ დისტანციური სწავლება და შერეული მოდელი ყველგან მუშაობს და ერთი წუთით არ შეფერხებულა, მაგრამ საკლასო ოთახში სწავლებას კიდევ თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა გაბუნიამ.

განათლების სამინისტროს ცნობით, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ  სასწავლო პროცესს, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.

მათივე ცნობით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.