„იმედი“ ყველაფერს გააშუქებს. ჩვენი ინიციატივაა, უარი ვთქვათ მოძალადეების ეთერში მოწვევაზე - ნიკა ლალიაშვილი

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„ტელეკომპანია „იმედი“ ყველაფერს გააშუქებს და მაყურებელს არაფერს დაუმალავს. ჩვენ ვამხელთ მოძალადე ჯგუფებს და, განსაკუთრებით მათ, ვინც ჟურნალისტზე ძალადობს. „იმედი“ ამაზე უარს ნამდვილად არ იტყვის!

ნამდვილი ამბების სანდო მაუწყებლები „ფეიკნიუსის“ შემქმნელებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი პოლიტიკური მოტივაციებითა და ემოციებით არ ხელმძღვანელობენ. ჩვენ ვალდებული ვართ, მაყურებელს ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, კარგიც და ცუდიც, მათ შორის – მოძალადეებიც.

თუ ჩვენ „არ ვიმჩნევთ“ მოძალადე ჯგუფების მოქმედებას, როგორც ფაქტს, მაშინ, მაგალითად, რას ვაკეთებთ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ძალადობენ პოლიციელზე? აღარ ვაშუქებთ მოძალადე ოპოზიციას? რა თქმა უნდა ვაშუქებთ!

საზოგადოება უნდა ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას, ჩვენი ვალდებულება კი ამ ინფორმაციის ობიექტურად მიწოდებაა. ხალხი კარგსა და ცუდს თავად გაარჩევს.

ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მოძალადის იგნორირება და პოზიციის არდაფიქსირებაა გამოსავალი, ის ძალიან დაბალი წარმოდგენისაა საზოგადოებაზე. პირიქით, ნებისმიერი მედიასაშუალების ვალია, ობიექტურად გააშუქოს და ამხილოს მოძალადე, მითუმეტეს, თუ ამ ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტია.

ჩვენი ინიციატივაა, რომ მედიასაშუალებებმა უარი ვთქვათ არა ძალადობის და მოძალადე ჯგუფების მოქმედებების გაშუქებაზე, არამედ მოძალადეების სატელევიზიო ეთერებში მოწვევაზე, სატელევიზიო ინტერვიუებზე და ამ გზით, მათ პრომოუტირებაზე. „იმედი“ ამ სტანდარტით იხელმძღვანელებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.


მედიებმა ძალადობის კერებიდან ჟურნალისტები გამოიყვანეს, ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს.

„მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიუხედავად დიდი საჯარო ინტერესისა,  ძალადობის კერებიდან  გადამღები ჯგუფები გამოჰყავს.

იმავეს აცხადებენ „პალიტრანიუსში”. „სანამ დაძაბულობაა, არ აღდგება წესრიგი მთავარ გამზირზე, ჩვენი ჟურნალისტები განვარიდეთ მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენი ჟურნალისტები არიან დაშავებულები, რამდენიმე მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა“, – აცხადებენ ტელევიზიაში.

ძალადობრივი ჯგუფების ლოკაციის ადგილებიდან გადამღები ჯგუფების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“.

„რუსთავი 2-მა“ კი გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომ ტელევიზია აღარ აპირებს ძალადობრივ ჯგუფებს საეთერო დრო დაუთმოს.