იმედია, 1 ივნისიდან კლინიკა შეწყვეტს კოვიდთან ბრძოლას და ჩვეულ რეჟიმში გადავა – რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ 1 ივნისიდან, იმედი აქვს, კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გადავა.

„კოვიდინფიცირებული გვყავს კლინიკაში 38 შემთხვევა. დღეს კლინიკიდან ეწერება ერთი პაციენტი, გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში, კოვიდვირუსის გარეშე. ველოდებით რამდენიმე პასუხს და, ალბათ, დღის მეორე ნახევარში დაემატება 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი.

მინდა, გითხრათ, რომ რამდენიმე დღეა – 6-7 დღე არცერთი ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია რაც ძალიან გვახარებს. რეანიმაციაში რჩება 2 პაციენტი. ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა და, სავარაუდოდ, ეს ქალბატონი გაეწერება სახლში, შინ მოვლის მეთვალყურეობის პირობებში. მეორეს მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია.

სულ კლინიკამ 10 მარტიდან დღემდე გაატარა დაახლოებით 1500-მდე საეჭვო შემთხვევა, აქედან,  163 შემთხვევა იყო კოვიდდადასტურებული, საიდანაც 125 პაციენტმა დატოვა კლინიკა.

დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელმაც ბოლო 15 დღე გაატარა ჩვენს კლინიკაში, მკაცრი კარანტინის პირობებში. არცერთ მათგანს, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდა ინფექციის შემთხვევა. ისინი 14 დღეს ისევ წავლენ კარანტინში კანონით გათვალისწინებული ძალით. ახლა შემოვიდა ახალი ბრიგადა. იმედია, ეს ბოლო იქნება ჩვენი კლინიკისთვის და 1 ივნისიდან, ვიმედოვნებთ და ძალიან მინდა, კოვიდთან ბრძოლა ჩვენმა კლინიკამ შეწყვიტოს და გადავიდეთ ჩვეულ რეჟიმში და მოვემსახუროთ ჩვეულებრივ პაციენტებს“, – ამბობს ლევან რატიანი.