იმედია, დღის ბოლოს გვექნება საზოგადოებისთვის მისაღები შეთანხმება - ვაშაძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, ასევე „გირჩისა“ და „გირჩი -მეტი თავისუფლებისთვის“ წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, იმედი აქვს, დასავლელი პარტნიორების მედიაციის შედეგად დღის ბოლოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგება.

„როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა არის რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების განსაკუთრებით არგამოშვების საკითხი, შეიძლება ასე ვთქვათ. მაგრამ გუშინ მე დავინახე „ქართული ოცნების“ მხრიდან, სულ მინიმუმ, შეთანხმების შეფერხების თუ არა ჩაშლის მცდელობა. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ უძლებენ ამ ფსიქოლოგიურ სტრესს, რაშიც არიან ახლა საქართველოში.

ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, წავიდეთ შეთანხმების გზით. დღეს მოვისმენთ, ახლა რა სიახლეა ამ საკითხთან დაკავშირებით და, რაც ყველაზე მთავარია, უკვე დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე იმედი მაქვს, რომ დღის ბოლოს გევქნება გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისათვის“,  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.