„იმედია დისკუსია მაინც იქნება, როგორ დავუჭიროთ მხარი უკრაინას“ | საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დაბრუნდა

პუბლიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტი დაასრულა. ორდღიანი ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებთან მისმა წევრებმა ვიზიტისას განხილულ საკითხებსა და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, რადას თავმჯდომარემ რუსლან სტენფაჩუკმა მათთან სანქციების საკითხზე ისაუბრა.

„ხაზი გაესვა იმას, რომ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო „შავი ხვრელი“ არ გახდება. ბატონმა სტეფანჩუკმა ორი რამ გვთხოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთი, რაც მან გვთხოვა, არის რომ საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე – ძალიან მნიშვნელოვანი, მან გთხოვა, საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა, ეს ეხება რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ კი იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში დისკუსია მაინც დაიყება იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება უკრაინის დასახმარებლად.

„სანქციებთან დაკავშირებით შეხვედრის დროსაც იყო საუბარი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამ მოწოდებისა და შეხვედრის შემდეგ, იმედს ვიტოვებ, დისკუსია მაინც გაიმართება, მათ შორის ოპოზიციასთან, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანა-უკრაინას, რომელიც ომშია“, – თქვა ხათუნა სამნიძემ საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

პარტია „გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ეს ვიზიტი იყო ერთგვარი გადატვირთვა საქართველოსა და უკრაინას შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობისთვის.

„ის ორმხრივი შეხვედრა, რომელიც გაიმართა სპიკერებს შორის, საჯაროდ რაც ითქვა, ვფიქრობ რაღაცა დოზით ურთიერთგაგების გაუმჯობესებას ნიშნავს, მაგრამ ის, თუ როგორ დაგვხვდნენ, ფაქტობრივად როგორ უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას, ეს მიუთითებდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინისთვის.

ვფიქრობ, სხვა ასეთი ქვეყანა არ არსებობს და ამიტომაც აქვთ ჩვენს მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე ექნებოდათ სხვა ქვეყნის მიმართ.

მთავარი მე მაინც მგონია ეს გაურკვევლად ჩამოყალიბებული ქართული მხარის პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით. არა ის, რომელიმე სანქციას მივუერთდით თუ არ მივუერთდით, არამედ ჩვენი ურთიერთობის ხარისხი. ჩვენი ურთიერთობის ხარისხი როგორც ჩანს, მეტ ჩართულობას და მეტ თანამშრომლობას მოითხოვს სახელისუფლებო ნაწილში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

უკრაინაში ვიზიტი დადებითად შეაფასა „ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.

„შეხვედრის შედეგად, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა რადაში, უკვე ცხადად ჩანდა ნიშნები, რომ ამ შეხვედრამ ბევრი რამ შეცვალა დადებითისკენ. მათი განწყობა შეხვედრის დაწყებიდან დასასრულამდე მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი, ამიტომ ეს ვიზიტი თავისთავად იყო უმნიშვნელოვანესი არა მარტო ხანმოკლე პერსპექტივაში, ახლა სოლიდარობით, არამედ სამომავლოდ ქვეყნების ურთიერთობის ჭრილში. გაუგებრობების უდიდესი ნაწილი იქვე გაირკვა და ამოიწურა.

თუ დარჩა რაიმე მიმართულება, მაგალითად სანქციების მხარდაჭერა-არმხარდაჭერის მიმართულებით, შალვა პაპუაშვილმა ძალიან მკაფიო და ცხადი განმარტებები გააკეთა, რაც მათთვის აბსოლუტურად გასაგები და მისაღები აღმოჩნდა.

ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საკითხების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე დახურულია და თუკი დარჩა რამე საკითხი, უკვე პოზიტიური მოგვარების გზაზეა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.