პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ კითხვარის დაჩქარებულად გამოგზავნამ შექმნა მოლოდინი, რომ ევროკავშირი გაფართოების გადაწყვეტილების მისაღებად მზად არის.
პაპუაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება 27-მა ქვეყანამ ერთსულოვნად უნდა მიიღოს და პროცესში სკეპტიკოსებიც არიან, რაც მას ართულებს, თუმცა ის იმედს გამოთქვამს, რომ ასოცირებული ტრიო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ არა მხოლოდ ასოცირებულ ტრიოს შორის, არამედ იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც კანდიდატის სტატუსი უკვე აქვთ, ზოგიერთ სფეროში საქართველო ლიდერია.
„მთავარია, ჩვენ მხარეს თუ შევხედავთ, რომ ჩვენ, საქართველო, ვიყოთ მზად და ჩვენი მხრიდან გვქონდეს შესრულებული ჩვენი საშინაო დავალება. რაც შეეხება, ამ მხრივ, ვითარებას, არის ფაქტი, რომ ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველო ლიდერია ყველა მიმართულებით. ობიექტურად ვაფასებთ. არის კვლევებიც ბრიუსელში განთავსებული ორგანიზაციების, რომელთაც შეფასებული აქვთ 3 ქვეყნის ასოცირების ხელშეკრულების შესრულება და სწორედ მათი დასკვნებით, ქულებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი და არა მხოლოდ ლიდერი, გარკვეულ ასპექტებში ის უსწრებს კიდევაც აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებს, რომელთაც კანდიდატის სტატუსი აქვთ.
მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანასაც კი უსწრებს. გუშინ ვიხილეთ, ღია ბიუჯეტის კუთხით რომ მსოფლიოში პირველ ადგილზეა საქართველო, ქვეყანა, რომელშიც ოპოზიციას მთავარ თემად, სლოგანად აქვს ქცეული ბიუჯეტთან დაკავშირებული კრიტიკა და ა.შ. საერთაშორისო კვლევამ აჩვენა და ეს არ გახლავთ მთავრობის თვითშეფასება, რომ საქართველო პირველია ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით.
თუკი ვინმე იმსახურებს ახლა კანდიდატობას, ეს საქართველოა. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინსვლა ყოფილიყო დაახლოების კუთხით, 45% ასოცირების ხელშეკრულების შესრულებულია და მეორე იმიტომ, რომ ქართველი ხალხი 30 წელია, იბრძვის დასავული პერსპექტივისთვის, იბრძვის როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით, ამისთვის ჩვენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გაქვს დაღვრილი.
მე იმედი მაქვს ევროკავშირს, ისევე როგორც საქართველოს ეყო სითამამე, სიმამაცე (სულ ახლახან ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის დღე), რომ გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, გამოეცხადებინა თავისი ევროპული პერპექტივის სურვილი, ჩაგვეწერა ეს კონსტიტუციაში, გვებრძოლა ამისთვის, დაგვეღვარა სისხლი, იმედი მაქვს, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს ქართველ ხალხს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, რა თქმა უნდა და მეორე მხრივ , რუსეთის განწყობების პირისპირ თქვას თავისი სიტყვა. ჯერი ევროკავშირზეა და მის თამამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.