„იმედია, ისევ შევხვდებით სასამართლო დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით" - ვალერი თეთრაშვილის საბოლოო სიტყვა

პუბლიკა

„იმედია, ისევ შევხვდებით სასამართლო დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით“, – ასე დაამთავრა საბოლოო სიტყვა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ვალერი თეთრაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს ამბობენ.

თეთრაშვილმა საბოლოო სიტყვა მადლობით დაიწყო – მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს და ხალხს „მორალური მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ პირველი სხდომიდან დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი.“

თეთრაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არავის მითითებები არ შეუსრულებია და რომ სხვა ბრალდებულებს იქამდე არც კი იცნობდა.

„რაც შეეხება ბრალს, არ ვეთანხმები, არ ვაღირებ; არ ყოფილა არანაირი ჯგუფი; არ შემისრულებია არავის მითითებები, მით უმეტეს – ჩემთვის უცნობი ხალხის; ეს ხალხი ყველა აქ გავიცანი… არ მიმიყენებია არავის ჯანმრთელობისთვის ზიანი, არ შევხებივარ სახელმწიფო და კერძო პირის ქონებას…

მიმდინარე მოვლენებს ონლაინ ვადევნებდი თვალს; გვიან მივედი სახლში, პირველში; უმძიმესი კადრები დამხვდა, როგორ ექცეოდნენ ხალხს, გოგოებს, ჟურნალისტებს როგორ სცემდნენ ჯგუფურად; ხოდა, ამ ყველაფრის შემხედვარეს გამიჩნდა უსამართლობის განცდა და გადავწყვიტე, გავსულიყავი რუსთაველზე“, – განაცხადა თეთრაშვილმა.

საბოლოო სიტყვაში თეთრაშვილმა მიმართა პროკურორებსაც – „ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩემგან, რომ თან გიყუროთ და სიმშვიდე შევინარჩუნო. თქვენ ბრძანდებით აბსოლუტურად უუნაროები. ერთი წამით არ იფიქროთ, რომ პროფესიონალები ხართ. განტევების ვაცებად აგვარჩიეთ წესიერი ხალხი. გვედავებით, უფრო სწორად, გვაბრალებთ. გეგონათ შეგვაშინებდით, საპროცესო წამოვიდოდით. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავსი არაფერი ვიკადრეთ. გულის ამრევია თქვენი საქციელი. ვის უნდა ჰქონდეს თქვენი იმედი…“

საბოლოო სიტყვაში თეთრაშვილმა ასევე გაიხსენა მიზეზები, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება რუსთაველზე, აქციაზე მისულიყო:

„ვნახე ვიდეო, ერთი ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, რომელიც გათიშული წევს ძირს, ამათი საამაყო წარმონაქმნი სამართალდამცავი წიხლს ურტყამს სახეში, მერე მიდის სპეცრაზმელი და კიდევ ურტყამს სახეში – ამას რომ ვუყურე, შემრცხვა ჩემი თავის, რომ ამას ვუყურებდი და ჩვეულებრივ ვაგრძელებდი ცხოვრებას, აღშფოთებით შემოვიფარგლებოდი, ჩემდა სამარცხვინოდ…

ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ბრწყინვალე პრემიერის გამო. მან თავზე გადაგვახია კონსტიტუცია თქვენც ბატონო პროკურორო და მთელ ერს. ჩემი ქვეყნის მომავალი მინდა იყოს ევროპაში და არა სხვაგან რუსეთებში და სიბნელეში, სიკეთეების ჩამოთვლას არ დავიწყებ, ამან მაიძულა, ჩამეცვა და წავსულიყავი რუსთაველზე… მეგონა, ამის კონსტიტუციური უფლება მქონდა…

ჩემი ფიზიკური მონაცემების ადამიანს, რომ ეკიპირებული სპეცრაზმელის დაზიანებას ედავებიან, კომიკურია…

ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ იმას ვადასტურებ, რომ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩამიდენია, არანაირი ძალადობრივი აქტის ინიციატორი არ ვარ…

28 წლის ვარ, ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, ჩემთვის ვმუშაობდი, ვცხოვრობდი, ვბოდიალობდი აქეთ-იქით… ამ ვიდეოში ნიღაბი არ მიკეთია, რომ ვინმემ იფიქროს, სახულიგნოდ მივდიოდი, უამრავი კამერაა და იქ დანაშაულისთვის არ მივიდოდი სახედაუფარავი…

ძალიან დიდ ძალისსხმევას მოითხოვს ჩემგან, რომ თან გიყუროთ და სიმშვიდე შევინარჩუნო. თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ ხართ უუნაროები, არ შეგიძლიათ ნამდვილი დანაშაულის გარჩევა, ჩვენ ვართ განტევების ვაცი…

ალბათ, ფიქრობდით, რომ 6 წლით შეგვაშინებთ, საპროცესოზე წამოვლენ და ნაკლებ ვადაზეც თანახმა იქნებიანო. დიდი მადლობა ბიჭებს!.. მახსოვს ბიჭები, რომლებიც დააკავეთ, წამოიყვანეს საპროცესოზე და დააკავეთ… გულისამრევია თქვენი საქციელი. ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ისეთ სიტუაციაში გვაგდებს, რომ ჩვენი ქვეყნიდან უნდა გავიდეთ და იქ ვამტკიცოთ სიმართლე. უღირსი მთავრობა ხართ, ვის უნდა ჰქონდეს თქვენი იმედი…

იმედია, ისევ შევხვდებით სხდომათა დარბაზში, მაგრამ ადგილების გაცვლით“.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 11 პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირა 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას.

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.

თერთმეტივე პირს 2 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯეს. 

პროკურატურა მათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.