ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ არის.
მისი თქმით, ამ დროისთვის მთავრობის სტრატეგია მიზნობრივი ტესტირების ჯგუფების გამოვლენა და ტესტირების გაძლიერებაა.
„პირველი და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც კვლავ რჩება, ეს არის პირბადის გამოყენება. ამ მიმართულებით ვფიქრობთ, გავამკაცრებთ ღონისძიებებს. რაც შეეხება ტრანსპორტისა და სხვა ნებისმიერი მობილობის შეზღუდვას, ამასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არ წარმოადგენს დღესდღეობით ნომერ პირველ საკითხს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რადგან ჩვენ აქ ვითვალისწინებთ როგორც დედაქალაქის სიმჭიდროვეს, ასევე ღონისძიებების დაცვის ხარისხს. ეს განსხვავდება აჭარასთან შედარებით და იმედს ვიტოვებთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობა დაგვეხმარება, რომ ნიღბების მკაცრი გამოყენების პირობებში ჩვენ არ მოგვიწიოს დამატებითი შეზღუდვების მიღება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 196 აჭარაში დაფიქსირდა, 178 კი თბილისში. კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა.