ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით შემდგარი შეთანხმების ანულირებას.
„ყველა განცხადებამ, რომელიც გაკეთდა, ცხადი გახადა, როგორი იმედგაცრუებულები არიან საქართველოს მეგობრები იმით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან.
ეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად შემუშავებული საუკეთესი გზა იყო იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც საქართველოს სჭირდება. შეთანხმების იდეა და ღირებულება იდგა იმაზე, რომ მის მისაღებად პარტიებმა მოილაპარაკეს და ერთად დადეს პირობა, რომ რეფორმებს გაატარებდნენ.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმებას შეუძლია უზრუნველყოს ერთგვარი სტრუქტურა და ჩარჩო მხარეთა ერთობლივი მუშაობისთვის. ცალმხრივი რეფორმა არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება – საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები, რომელსაც გაატარებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.
ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ვიხილავ, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და იქნება ერთგვარი გზამკვლევი აუცილებელი რეფორმების გასატარებლად“, – თქვა კელი დეგნანმა. მისი განცხადების თარგმანს „ფორმულა“ ავრცელებს.
„რადიო თავისუფლების“ მიხედვით, ელჩმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სანქციების დაწესების შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
„სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“.
კელი დეგნანმა ასევე მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს.
„რაც შეეხება იმას, რაც ბოლო პერიოდში ვიხილეთ – მედიაზე თავდასხმები და დაშინების მცდელობები, გარდა იმისა, რომ ეს არის არაკონსტიტუციური ქმედებები, ის აგრეთვე წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი საქმის შესრულება შეძლონ. მედიამ ინფორმაციის მოძიება, მოსახლეობის ინფორმირება, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა უნდა შეძლოს. მედიის წარმომადგენლებს ამის გაკეთება დაშინების და ყოველგვარი საფრთხის განცდის გარეშე უნდა შეეძლოთ. მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე და ამას ექნება შედეგები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სიტყვიერი თავდასხმა, ბულინგი თუ სხვა ტიპის რაიმე შეზღუდვა. იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა საზოგადოების სწორედ ინფორმირება შეძლონ, ეს უნდა იყოს მიუღებელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.