საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. სიტყვით გამოსვლისას ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ცდილობენ სომხეთთან კონფლიქტის მოგვარებას და ამას ესაჭიროება სამშვიდობო შეთანხმება.
ალიევის თქმით, მათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის სომხეთს გაუზიარეს ძირითადი პრინციპები და ახლა ერევნის პოლიტიკურ ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ერევანზეა დამოკიდებული ასევე ისიც, ამოქმედდება თუ არა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობის ფორმატი.
„ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე ვაცნობე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ და მიმაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას.
ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს და ხელს მოაწერს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. თუ ასე მოხდა, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები გაჩნდება თანამშრომლობისთვის.
დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე ავამოქმედოთ ეს ფორმატი“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.