იმედია, წლის ბოლოს ვიზეიმებთ უკრაინის გამარჯვებასა და კანდიდატის სტატუსს - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაზე კოლეგებს მიმართა. მან იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს უკრაინის გამარჯვებასა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ერთად იზეიმებენ.

„იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ისე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ეს იქნებოდა ფართო რეგიონში ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილიზაციის ეფექტის გავრცელების კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, აღარ არის წინა კარისა თუ ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებასთან ერთად. საქართველომ ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე. იმედი მაქვს, ევროკავშირიც გადააფასებს თავის როლსა და მნიშვნელობას. აღნიშნული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

მისივე თქმით, დროა, ევროკავშირმა, როგორც გეოპოლიტიკურმა მოთამაშემ, სრულად გააცნობიეროს თავისი როლი და მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, რომლებიც ისტორიულად ევროპულ ოჯახს განეკუთვნებიან. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში ახალ ეტაპს ჩაუყარა საფუძველი და საქართველო ევროკავშირში გაწევრების გზას დაადგა.

„საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული. გასულ წელს საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებულ იქნა ასოცირებული ტრიოდან. ამჯერად, წელს, მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენს საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონს აგრესორის წინაშე დაუცველს ტოვებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველო ვაჭრობის ე.წ. „შუა კორიდორის“ კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც შესაძლოა, გახდეს ევროპული ოჯახებისთვის ალტერნატიული ენერგორესურსების მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი.

„მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირთან შავი ზღვის დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რათა შევქმნათ ენერგორესურსების მიწოდების, ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და უფრო ძლიერი და მედეგი ევროპის აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.