ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისშია. ის თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც ერთ-ერთ პანელზე მომხსენებელი იქნება. ევროპარლამენტარმა კონფერენციამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ის ამ კონფერენციაზეც განიხილავს.
„ვიცი, რომ რამდენიმე რეკომენდაცია არის შესრულებული, ასევე ვიცი, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ზოგიერთი რეკომენდაცია ამ დრომდე არ არის შესრულებული და ეს არ ეხება მხოლოდ პოლარიზაციას ან დეოლიგარქიზაციას. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხედველობაში მიიღებს ამ შეფასებებს და როდესაც კომისია შეაფასებს პროგრესს, ყველა მათგანი იქნება შესრულებული.
მე მიკერძოებული ვარ, რადგან ევროკავშირიდან ვარ და რა თქმა უნდა, მინდა ვიხილო საქართველო ამ კავშირში, რადგან ეს ძალიან კარგი იქნება. თავად გზაც კი, რომელსაც ქვეყანა გადის ევროკავშირისაკენ არის ძალიან სასარგებლო, რადგან ევროკავშირი არის სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, ასევე ეკონომიკურად ძალიან ძლიერი. ამიტომ ამ სივრცესთან დაახლოება მხოლოდ კარგია საქართველოსთვის, “- თქვა მან ჟურნალისტებთან.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაცია უნდა შეესრულებინა. აქედან ამ დროისთვის ქვეყანამ სრულად მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა, 7-ზე გარკვეულ პროგრესს მიაღწია, 1-ზე – მცირეს, 1 კი საერთოდ ვერ შესრულდა.
გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ 12 რეკომენდაციიდან ქვეყანამ უკვე 11 პუნქტი შეასრულა.