„იმედის“ ცნობით, EU-მ ყულევის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო

პუბლიკა

სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ევროკავშირმა ყულევის ნავთობტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

„იმედის“ თანახმად, ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

წერილის თანახმად, დევიდ ო’სალივანი მაკა ბოჭორიშვილს ეუბნება, რომ გადაწყვეტილება გადაიხედა მას შემდეგ, რაც „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს“.

რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი მოითხოვდა რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვას. სწორედ ამ კატეგორიაში იყო გაყვანილი ყულევის პორტი.

„იმედის“ ცნობით, დევიდ ო’სალივანი მაკა ბოჭორიშვილს წერს:

„მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“.

„იმედის“ თანახმად, დევიდ ო`სალივანი აგრეთვე განმარტავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს.

პროპაგანდისტული არხის მიხედვით, წერილში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. მისი ყურადღების ცენტრშია აგრეთვე სავაჭრო შეზღუდვების კონტროლი.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, – წერს დევიდ ო’სალივანი.

ყულევში ნავთობტერმინალი 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ოპერატორია „შავი ზღვის ტერმინალი“, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR ფლობს.

განახლება:

მოგვიანებით წერილის გრაფიკული გამოსახულება „იმედმა“ რეპორტაჟის დროს გამოიყენა, შეგვიძლია, წავიკითხოთ, რას ეუბნება დევიდ ო’სალივანი მაკა ბოჭორიშვილს.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგგენელი აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის „ევროკავშირს სანქციების სიაში შეყვანილი ჰყავს 605 გემი, კერძოდ კი ტანკერები, რომლებიც ჩართულნი არიან მაღალი რისკის შემცველი და ყალბი ნაოსნობის პრაქტიკაში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ იმ გემების მიზანში ამოღებას, რომლებიც ასუსტებენ ჩვენი სანქციების გავლენას, მათ შორის, სანქციების მე-20 პაკეტში დაახლოებით 40 დამატებითი გემის შეყვანით“.

სალივანი მიუთითებს, რომ აღნიშნული ტანკერები ჩართულნი იყვნენ მაღალი რისკის შემცველ სანაოსნო პრაქტიკაში და ხაზს უსვამს, რომ ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც ევროკავშირს გემების სანქცირება შეუძლია.

„სხვა საფუძვლები მოიცავს გემებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადააქვთ სანქცირებული საქონელი ან მონაწილეობენ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით განხორციელებულ საქმიანობაში.

„ჩრდილოვანი ფლოტის“ (Shadow Fleet) წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების სანქცირებით; იგი მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელი ლოგისტიკური ჯაჭვისა და ფართო ეკოსისტემისკენ.

ევროკავშირი მუშაობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანაზე და აძლიერებს ძალისხმევას რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტის შესაზღუდად. ამ მიზეზით, ჩვენ ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას ხელშემწყობ პირებსა და ინსტიტუტებზე, როგორიცაა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში განთავსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მხარს უჭერს ამ საქმიანობას და სანქციების გვერდის ავლის გზით საფრთხეს უქმნის ჩვენი სანქციების ეფექტურობას.

ამ თვალსაზრისით, საქართველოში მდებარე ყულევის პორტი თავდაპირველად შემოთავაზებული იყო სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შესაყვანად, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლის გამო.

ეს თავდაპირველი პოზიცია გადაიხედა იმ დადებითი ვალდებულებების საფუძველზე, რომელიც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა აიღეს. მე მივესალმები თქვენს პირობას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების შესვლას თავის პორტებში ან მათთვის მომსახურების გაწევას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებებს, რომ იგი თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის, ფასის ზედა ზღვრის (price cap) და ევროკავშირის მიერ რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან დამზადებულ ნავთობპროდუქტებზე იმპორტის აკრძალვის გათვალისწინებით. ამ ვალდებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენ მიერ სიტუაციის გადახედვისთვის და, საბოლოო ჯამში, განაპირობა ყულევის პორტის არშეტანა სანქციების მე-20 პაკეტში“.

ამასთან ერთად, დევიდ ო’სალივანი ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირს გააჩნია ინსტრუმენტები იმ მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სანქცირებისთვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს“. 

„ევროკავშირს გააჩნია ინსტრუმენტები იმ მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სანქცირებისთვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს, როგორიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდის სისტემა (SBP) და რუსეთის ეროვნული საგადახდო ბარათების სისტემა (MiR), ან, ზოგადად, ახორციელებენ ტრანზაქციებს, რომლებიც აფერხებენ ჩვენს სანქციებს ან მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. ვიყენებ ამ წერილის შესაძლებლობას, რათა გაგაფრთხილოთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათ მიმართ შესაძლოა დაწესდეს ტრანზაქციების აკრძალვა ევროკავშირში.

თქვენი დაპირება, აღკვეთოთ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით გამოყენება საქართველოს ტერიტორიის გავლით, მომავალშიც მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება და ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სანქციები არ იქნას შესუსტებული. წინადადებით გამოვდივარ, რომ ჩვენმა ტექნიკურმა ექსპერტებმა, რომლებიც რუსეთის სანქციებზე მუშაობენ, მოაწყონ ვიდეოკონფერენცია ზემოაღნიშნულ ყველა საკითხზე აზრთა გასაზიარებლად.

გმადლობთ გაწეული ძალისხმევისთვის და ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – წერს დევიდ ო’სალივანი.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ რეალურად ყულევის პორტი სანქცირებას გადაარჩინა აშშ-ისა და ევროკავშირის დამოკიდებულებამ აზერბაიჯანის მიმართ.

„ამ პორტიდან გადის აზერბაიჯანული მზა ნავთობპროდუქტების უდიდესი ნაწილი. მისი დასანქცირება უდიდესი დარტყმა იქნებოდა აზერბაიჯანის ეკონომიკისათვის.

ყულევის პორტი შარში გაეხვა მის მახლობლად მშენებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო. ქარხანა ჯერაც არ ამუშავებულა, მაგრამ ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში მოასწრო რუსული ნედლი ნავთობიდან 116 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები „წარმოება” და გაყიდვა. ამ აფერის ჩატარება ყულევის ტერმინალის გარეშე შეუძლებელი იყო. უმოქმედო ქარხანა ვერაფერს აწარმოებდა.

ამ ეტაპზე ყულევი გეოპოლიტიკურმა ვითარებამ გადაარჩინა, ამ ქარხანას კი, რომლის უკან რუსები იმალებიან, წინ სერიოზული პრობლემები ელის. ჩვენი ინფორმაციით, თებერვალშიც აქვს ჩადენილი მსგავსი მანიპულაცია. თებერვლის ცოდვებიც ჩამოწერა ევროკავშირმა და დღევანდელი დღით იწყება თუ არა ათვლის წერტილი, ეს მალე გამოჩნდება“, – დაწერა რომან გოცირიძემ.

ევროკავშირის რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტი ამ დროისთვის დამტკიცებული არ არის. მის მიღებას ხელი უნგრეთმა შეუშალა.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტრომ განაცხადა, რომ ისინი ხელს უშლიან რუსეთისთვის სანქციების მე-20 პაკეტის დაწესებას, სანამ უკრაინა არ აღადგენს ნავთობის ტრანზიტს უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის მილსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. გარდა ამისა, უნგრეთი მხარს არ უჭერს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის მიცემას იმავე საბაბით.

POLITICO-ს წყაროების ცნობით, ბუდაპეშტი შესაძლოა რუსულ სანქციებს ბლოკავდეს იმის გამო, რომ უნდათ, ევროკავშირისგან 16 მილარდი ევროს სესხი თავად მიიღონ SAFE ინსტუმენტის (მოქმედება ევროპის უსაფრთხოების) ფარგლებში. SAFE (Security Action for Europe) 150 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური მექანიზმია, რომელიც ევროკავშირმა 2025 წლის მაისში მიიღო წევრი სახელმწიფოების თავდაცვის სამრეწველო წარმოებისა და ერთობლივი შესყიდვების გასაძლიერებლად.