„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა: „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 52%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 23%.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „პატრიოტთა ალიანსს“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება „გირჩი“. მას გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეებს“.
1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ „ლეიბორისტულ პარტიას“ და გახარიას პოლიტიკური მოძრაობას „საქართველოსთვის“. გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.
„გორბის” კვლევის შედეგები განსხვავდება ნოემბერში ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებისგან. IRI-ის კვლევა ნოემბერში გამოქვეყნდა. საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა.
ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება – 25 %
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 12%
- გიორგი გახარიას პარტია – (საქართველოსთვის) – 3%
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 3 %
- ლეიბორისტული პარტია – 2%
- სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე – 2 %
- დროა – 2%
- პატრიოტთა ალიანსი – 2 %
- ხალხისთვის – ანა დოლიძე – 2%
- პარტია ლელო – 1 %
- მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%
- კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო – 1%
- სხვა – 2%
- ხმას არ მივცემდი – 6%
- არ ვიცი – 16%
- უარი თქვა პასუხის გაცემაზე – 7%
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.
წარსულში GORBI-ის მიერ ჩატარებული სხვა კვლევები ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, არაერთგზის შეფასდა კრიტიკულად. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, 2022 წლის ივნისში GORBI-ის მიერ ჩატარებულ სხვა კვლევაში, დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს, აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავს არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, არამედ მის მანიპულირებას და ამდენად, წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს.
„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ეს ნაწილი, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს”, – ვკითხულობთ ISFED-ის ივნისის განცხადებაში.