სამთავრობო ტელეარხ „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში, შეკითხვაზე – „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან“? – რეიტინგი ასე გადანაწილდა:
- „ოცნება“ – 59.3%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ 13.1%
- კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე – ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ 5.8%
- კოალიცია „ახალი“/„გირჩი – მეტი თავისუფლება“/„დროა“ 5.5%
- „საქართველოსთვის“ 4.8%
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია 3%
- „ევროპული საქართველო“ 2.2%
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ 2.1%
- სხვა 4.2%
სამთავრობო ტელეკომპანიის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი – 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.
2024 წლის 10 აპრილს „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „ქართული ოცნებას” 60.4% უჭერდა მხარს, „ენმ/სტრატეგია აღმაშენებელს” – 12.6%;
წარსულში GORBI-ის მიერ ჩატარებული სხვა კვლევები ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, არაერთგზის შეფასდა კრიტიკულად. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, 2022 წლის ივნისში GORBI-ის მიერ ჩატარებულ სხვა კვლევაში, დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს, აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავს არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, არამედ მის მანიპულირებას და ამდენად, წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს.
„იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის ეს ნაწილი, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს”, – ვკითხულობთ ISFED-ის ივნისის განცხადებაში.