„იმედის” ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

პუბლიკა

„იმედის” ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს. ქარტიის სამდივნომ ბაკურაძის წინააღმდეგ ორი განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებლები არიან ვანო მინდორაშვილი და გიორგი ბოლქვაძე. სადავო მასალა 2022 წლის 28 ნოემბერს გავიდა ეთერში.

განმცხადებლების პოზიციით, ჟურნალისტი შეიჭრა რესპონდენტების პირად ცხოვრებაში და მოახდინა მათი იდენტიფიცირება, რაც, მათი თქმით, არაეთიკურია, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.

განმცხადებლები დავობენ ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენება) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.


ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტმა, მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა, პასუხი მოსთხოვა, მათთან საუბრის შესახებ სიუჟეტი მოამზადა და შემდეგ მაყურებლის კრიტიკული გამონათქვამები 2022 წლის 28 ნოემბრის გადაცემაში სხვა წამყვანებთან და სტუმართან ერთად განიხილა.