„იმედის“ კიდევ სამი ჟურნალისტი რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედის” კიდევ სამი ჟურნალისტი რუსა შელია, ნათია ორველაშვილი და ზურა ბალანჩივაძე რუსული კანონის მხარდაჭერაზე სოციალურ ქსელში უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ.

„არამხოლოდ დასავლეთს გვაშორებს ეს კანონი და ისევ უვადო იზოლაციაში გვაბრუნებს, ის შეიძლება გახდეს უმძიმესი სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზიც. იგრძენით ეს პასუხისმგებლობა მათ, ვინც პოლიტიკოსობა მხოლოდ მწვანე ღილაკზე თითის მიჭერა გგონიათ!”, – წერს რუსა შელია facebook-ზე.

„რუსეთი მტერია, ამერიკა მეგობარი. მეგობარი გვაფრთხილებს, რუსეთს ერთი სული აქვს, რომ გადაგვყლაპოს. ვირჩევთ საქართველოს”, – წერს ნათია ორველაშვილი, „იმედის დილის” წამყვანი. „იმედის დილის” წამყვანია ასევე ზურა ბალანჩივაძე.

პარლამენტმა დღეს დაუგეგმავად განიხილა და კენჭიც უყარა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.

მოქალაქეები პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ პარლამენტთან. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.