ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ევროკომისიის შეფასება, რომლის მიხედვითაც, 12-დან 3 რეკომენდაცია მთლიანად შესრულდა, გამამხნევებელი უნდა იყოს. დეგნანის თქმით, ევროკომისიის მიერ დაწესებული პრიორიტეტების შესრულება რთულია, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაიზიარონ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიწოდებული ერთგვარი გზამკვლევი დარჩენილი პრიორიტეტების შესასრულებლად.
„ვფიქრობ, იმედის მომცემია კომისიის შეფასება, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულდა. საქართველომ ასევე მიიღო გზამკვლევი იმ ნაბიჯების შესახებ, რაც უნდა გადადგას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიური პროცესის წარმართვის შესახებ.
ეს არის ის, რისი მეშვეობითაც, საქართველო პოზიტიურ შედეგს მიაღწევს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და რისი ხილვაც ყველას გვსურს დეკემბერში. ევროკომისია ძალიან მკაფიოდ იყო, რომ ეს ნაბიჯები უნდა შესრულდეს პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად და იმედი მაქვს, მომავალ თვეებში ყველა გაერთიანდება რეალური პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩის თქმით, პოზიტიური ნაბიჯი იყო ისიც, რომ პარლამენტმა შეაჩერა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება, რადგან როგორც ვენეციის კომისიამ, ისე ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი ამგვარი კანონპროექტით ვერ გადაიჭრება და საჭიროა სისტემური მიდგომა“, – თქვა კელი დეგნანმა.
22 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ ზეპირი შუალედური შეფასება წარადგინა. შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი შეფასებით საქართველომ სრულ პროგრესს მიაღწია 12-დან 3 რეკომენდაციის შესრულებაში, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად შესრულებას, სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით არჩევას და გენდერულ თანასწორობის გაძლიერების კუთხით.
ვარჰეის განცხადებით, საქართველოს გარკვეული პროგრესი აქვს 7 რეკომენდაციის შესრულებაში, მხოლოდ მცირე პროგრესი დეოლიგარქიზაციის საკითხში და პროგრესს საერთოდ ვერ მიაღწია მედიის თავისუფლებისა და პლურალისტური მედიის გაძლიერების კუთხით.