„იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს ოთხმა წევრმა რეესტრს საბჭოდან გასვლაზე მიმართა

პუბლიკა

განახლება: საჯარო რეესტრმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის მიერ საბჭოს დატოვება დაარეგისტრირა.

დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირების მომდევნო დღეს, 25 თებერვალს, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა საჯარო რეესტრს საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებებით მიმართეს.

საჯარო რეესტრზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, განცხადებები შეიტანეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარემ – ირაკლი რუხაძემ, მოადგილემ – გიორგი კალანდარიშვილმა, გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ.

„ტელეიმედში“ მომხდარი მფლობელობის ცვლილებებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ტელეიმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის/წევრის პოზიცია, რის შესახებაც მიმდინარე წლის 6 თებერვალს წერილობით ვაცნობე შპს „ტელეიმედს“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ შპს „ტელეიმედის“ რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია“, – ნათქვამია რეესტრში შეტანილ განცხადებაში.

განმცხადებლები მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით მოითხოვენ.

ირაკლი რუხაძემ „იმედის“ გაყიდვის შესახებ განცხადება 6 თებერვალს გაავრცელა.

„იმედის“ 50%-იანი წილის მფლობელი გახდა „პრაიმ მედია გლობალი“, ხოლო 50%- „იმედის“ დირექტორის, მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში გადავიდა. რუხაძემ „იმედი“ „სიმბოლურ ფასად“, 1000 ლარად გაყიდა.

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ „იმედს“ და POSTV-ის სანქციები დაუწესა.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. ამ კატეგორიაში ბრიტანეთმა ამ პაკეტით მხოლოდ Imedi და POSTV დაასანქცირა.