საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აქვეყნებს ერთად თავმოყრილ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ეკონომიკური ნაბიჯებით ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავებას. ვებგვერდზე განთავსებულია 193 ქვეყნის მონაცემები, სადაც საქართველოს მთავრობის გეგმებზეც არის საუბარი.
IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დაკარგეს სამსახური, მთავრობისგან 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ.
ეს იმ დასაქმებულებს შეეხებათ, რომლებიც საშემოსავლო გადასახადებს იხდიდნენ და ბიზნესის დახურვის გამო დაკარგეს სამსახურები. ასევე სუბსიდიას მიიღებენ ის ბიზნესები, რომლებიც თანამშრომლებს ინარჩუნებენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ თემაზე განცხადებას ხვალ, 14 აპრილს გააკეთებენ.
საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ: საქართველოს მთავრობამ 1 აპრილს გამოაცხადა 2 მილიარდი ლარის დამხმარე პაკეტის აღება (რამაც გაზარდა 13 მარტს გამოცხადებული 1 მილიარდი ლარის პაკეტი). თავდაპირველი პაკეტი მოიცავდა ტურიზმის სექტორისთვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შეჩერებას 2020 წლის ნოემბრამდე. პაკეტი ეხებოდა მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებისათვის პროცენტის სუბსიდიის უზრუნველყოფას, საკრედიტო გარანტიის სქემის გაზრდას, დღგ-ის დაბრუნების დაჩქარებასა და უფრო მაღალი კაპიტალური ხარჯების დაფარვას.
ვებგვერდზე აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოს მთავრობა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის კომუნალურების გადასახადს გადაიხდის, რომლებიც მოიხმარენ 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს 2020 წლის მარტი-მაისში.
IMF-ის ინფორმაციით, 351 მილიონი ლარი მიმართული იქნება ჯანდაცვის სფეროში, რაც გულისხმობს როგორც ლაბორატორიულ ტესტირებისა და საკარანტინო ხარჯებს, ასევე გაზრდილ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციასთან, სამედიცინო მკურნალობასთან და სამედიცინო მარაგებთან.
IMF-ის ინფორმაციით საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას 9 ძირითადი პროდუქტის იმპორტს გაუწევს (ფქვილს, ხორბალს, მაკარონს, ბრინჯს, ზეთს, შაქარს, რძის ფხვნილს, ლობიოსა და წიწიბურას). მთავრობა ასევე შექმნის აღნიშნული სურსათის მარაგს, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი ლარი იქნება. მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის შექმნას, რათა ხელი შეუწყოს COVID-19 პერიოდის შემდგომ ეკონომიკის აღდგენას.