„იმის ილუზია არავის არ აქვს, რომ, რაც რეგისტრირებული გვაქვს შემთხვევები (კორონავირუსის), მხოლოდ ამდენი გვაქვს. უბრალოდ, ამის უკან ათასები ნამდვილად არ დგას, როგორც გაჟღერდა, თუმცა, ალბათ, რამდენიმე ასეული შემთხვევა, ამის უკან არის“, – განაცხადა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
„ისიც გაცნობიერებული გვაქვს ყველას და საიდუმლო არ არის, რომ ტესტირების მასშტაბი ბევრად უკეთესი გვინდა, რომ გვქონდეს. ჩვენ ვხედავთ, როგორც იცით, ქვეყნდება მუდმივად, 1 მილიონ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა და, ამ მხრივ, საქართველოს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვს.
ახლა ამ გაფართოებასთან ერთად იმედი გვაქვს, მოცვა გაიზრდება და უფრო მეტი ადამიანის ტესტირება გახდება შესაძლებელი, რადგან ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად გამოვლინდნენ ინფიცირებულები და შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით ინფიცირებულებს დროულადმ ძალიან გაჭირდება ინფექციის შეკავება“, – აცხადებს ბუწაშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, pcr ტექნოლოგიით ე.წ. ოქროს სტანდარტით 3500-მდე ტესტია ჩატარებული. გამყრელიძის თქმით, 20 000-მდე Pcr-ის ტესტს ელოდებიან ამ კვირაში და მაისის შუა რიცხვებისთვის ქვეყანაში pcr-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული 60 000-მდე ტესტის მარაგი უნდა იყოს. მისივე თქმით, ქვეყანას შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს.
ამირან გამყრელიძის თქმით, მოლაპარაკებები მიდის იმ ამერიკულ ორგანიზაციასთანაც, რომელმაც შექმნა Pcr-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აჩქარებული ტესტი, რომლის გამოყენების დროსაც ლაბორატორიული კვლევისთვის 45 წუთია საჭირო.