იმის მიუხედავად, რომ საკითხი კერძო სკოლას ეხება, სამინისტრო სწავლობს ამ ფაქტს - სამინისტრო „მწვანე სკოლაზე"

პუბლიკა

საქართველოს განათლების სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ეხება კერძო სკოლას, სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლობს ამ ფაქტს და მოზარდის „მწვანე სკოლაში“ სწავლის დროს მიმდინარე პროცესებს.

„სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში.

საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურსა და მე-100 საჯარო სკოლის დირექტორს თეა კალანდაძეს შეხვდა და მათგან მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის დირექტორის მოადგილეს გიგი ჩიფჩიური და მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეო ჩიტიაშვილი…

სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. იმის მიუხედავად, რომ საკითხი ეხება კერძო სკოლას, სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლობს ამ ფაქტს და მოზარდის „მწვანე სკოლაში“ სწავლის დროს მიმდინარე პროცესებს.

ასევე, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.


10 დეკემებრს დიღმის პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედელის მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

ექიმების ცნობით, 15 წლის მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ექიმის ცნობით, არასრულწლოვანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.