„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა, თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ შეხვედრაზე ვაშლიჯვარში მიმდინარე მეწყრული პროცესების შესახებ ისაუბრა.
თეა გოდოლაძე ამბობს, რომ პრობლემა მოგვარებული არ არის და იქ გეოლოგიურად არაფერი დასრულებულა.
„ახლა რეალურად მონიტორინგი არა გვაქვს ჩვენ იქ. უბრალოდ, ვათვალიერებთ ხოლმე სიტუაციას. მდგომარეობა ნამდვილად არ შეცვლილა, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ფაქტს, რომ ეს არ არის მხოლოდ წერტილოვანი პრობლემა, ნაპრალი, სადაც იყო ადრე და რომელიც ამოივსო, ეს არის მთლიანად ფერდის სტაბილურობის პრობლემა. მთლიანად ფერდია დინამიკაში მოსული და თვითონ ფერდს აქვს პრობლემა, რომ მოხდა ჩარევა, მოხდა გრუნტის კვეთა არასწორად, იქ არის ჩაჭრილი დაახლოებით 20 მეტრის სიღრმის ნაწილი, რომელმაც რეალურად პრობლემა შექმნა. ეს არ არის პრობლემა, რომელიც დღეს ან ხვალ , ან ერთი ხელის მოსმით მოგვარდება.
… იმის თქმა, რომ ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემა და გავაჩერეთ მეწყერი, არასერიოზულია პროფესიული კუთხით, ამიტომ ძალიან ვთხოვ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, პოლიტიკოსებსა და ა.შ. – ადამიანებს, ვინც მათ რჩევას აძლევს, დაუკვირდნენ, რას ამბობენ და რა ტერმინებით ახასიათებენ პრობლემას. ამის გაჩერება, უბრალოდ, შეძლებელია.
მერიამ რა პროცესი დაიწყო და რას ასრულებს, არ ვიცი, იქ პროცესი არ დასრულებულა, გეოლოგიურად არ არის დასრულებული და მერიამ როგორ უნდა დაასრულოს. ეს არის მეცნიერება. ეს არ არის მერიის გადასაწყვეტი პრობლემა, სამწუხაროდ. ამ ქვეყანაში მეცნიერების მოკვლით მივიღეთ ის, რომ ვიღაცას თავში მოუვიდა ჩვეულებრივ მეწყერზე გზის გაყვანა“, – ამბობს თეა გოდოლაძე.
როგორც სეისმოლოგი ამბობს, თავად რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი, აუცილებლად დააკონსერვებდა ნებისმიერ მშენებლობას ლისის ფერდზე.
„მე რომ მეხებოდეს,უცილებლად დავაკონსერვებდი ნებისმიერ მშენებლობას ახლა ლისის ფერდზე. იმიტომ, რომ ეს ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდება, აუცილებლად სხვა პრობლემები შეიქმნება. ის, რაც მოჭრილია უკვე, ფერდები, აუცილებელია მისი გამაგრება“, – ამბობს ის.