იმნაძის სიტყვებმა 1989 წელი გამახსენა, შესაძლოა, სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს საფრთხეს – მეუფე გრიგოლი

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შემდეგ სააღდგომო წირვის დაწყების დრო შეიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიაშიც. სააღდგომო წირვა ღამის ნაცვლად დილის 7 საათზე ჩატარდება. ამის შესახებ მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა.

„ფოთის ეპარქიაში წირვა ჩატარდება დილის 7 საათზე. მე პირადად მონასტერში ვიქნები და იქ შევასრულებ სააღდგომო მსახურებას რამდენიმე ადამიანთან ერთად“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მიტროპოლიტი გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებას, რომლის მიხედვით მალე საქართველო იტალიის მაჩვენებელს გაიმეორებს და ქვეყანაში „კუბოებს ვეღარ დავითვლით”.

„თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა მე გამახსენა 1989 წელი, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანე ფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია. აი, ამ სიტყვებით მიმართა, შესაძლოა სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს. რაც მოჰყვა ამას, ეს ჩვენ ვიცით. დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ პაატა იმნაძისგან, საფრთხე რეალურია. დღეს უკვე ჩვენს თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელ მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მავანნი კიდევ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის – საფრთხე რეალურია, თან გეტყვით ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რათქმა უნდა, ადრესატი არის თოთოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზე არის პასუხისმგებელი და, რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც. ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად წავუვალთ”,  – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლს ჰკითხეს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ეკლესიებში მოსალოდნელ ხალხმრავლობაზე, რაც ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მიტროპოლიტის განცხადებით, საპატრიარქოში უშუალოდ ორგანო, რომელიც კრიზისზე პასუხისმგებლობის აღებას შეძლებს, არ არსებობს და ამ როლს სინოდი ითავსებს.

„რეკომენდაცია დიდად განსხვავდება კურთხევისგან. საერთო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომლებიც იმედის თვალით შეჰყურებს და ელოდება შენგან მაცხონებელ სიტყვას. ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული და არ შეიძლება ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან. სახეზე არის მრავალი მაგალითი. ის პროცესი, ის განვითარება ამ მოვლენებისა, მათ უწყიან, ისინი ხედავენ ამას, როგორც თქვენ მე მხედავთ და მე გხედავთ. ძალიან მიმძიმს საუბარი ამ თემაზე“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.