დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ვირუსმა მუტაცია განიცადა და შესაძლოა, იმ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსი, ამ შტამზე იმუნიტეტი არ ჰქონდეთ. თუმცა ეს საკითხი ჯერ ისევ განიხილება და საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა.
ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის კანცელარიაში ისაუბრა.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. პრაქტიკულად, იქ რაც ბიზნესაქტივობები განახლდა, შემობრუნდა კორონა და ფართოდ გავრცელდა. ლაპარაკია იმაზე, რომ, როცა სეზონი დადგება, რესპირაციული დაავადებების ზოგ ქვეყანაში შეიძლება მესამე ტალღა იყოს. თუ ჩვენ კორონასთან თანაცხოვრებას ისე გავაგრძელებთ, მაშინ ეს მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს, თუ არ გავაგრძელებთ ასევე კარგად მოქცევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ იქნება უფრო ახლოს.
სამწუხაროდ, გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც სადღაც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ გამოშვერილები აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა, რომელმაც ვირუსს უჯრედში შეღწევა გაუადვილა. მარტივად, რომ გითხრათ, ის შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა. ახლა ჩინელმა მეცნიერებმა ატეხეს ამბავი, იმიტომ, რომ ეს შტამი ჩინეთს შეუბრუნდა ევროპიდან და ეს კარგი მოვლენა არ არის. იმიტომ, რომ შეიძლება, ვისაც გადატანილი აქვს კორონა, ამ მუტაციაზე შესაძლოა არ ჰქონდეს იმუნიტეტი, იმიტომ, რომ მუტაციის ერთ-ერთი მექანიზმი უჯრედში შეჭრაა. ვნახოთ, ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.