იმნაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პირი მარნეულში მცხოვრები ქალის ოჯახის წევრები არიან

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან 4 დაკავშირებულია მარნეულში მცხოვრები ქალთან. კერძოდ, მისი თქმით, 4 ინფიცირებული არის ამ ქალის ოჯახის წევრი.

„ეს არის 4 ადამიანი მარნეულიდან, იმ ქალბატონის ოჯახის წევრები, რომელიც ამჟამად თბილისშია ჰოსპიტალიზირებული, ანუ ეს გახლავთ ძალიან ახლო და მჭიდრო კონტაქტები.

გამოკვეული იქნა ასევე სხვა პაციენტები იმ საავადმყოფოში, სადაც ეს ქალბატონი იწვა – მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში”. ასევე ამ კლინიკის პერსონალი. ისინი ამ ეტაპზე ყველა არიან უარყოფითები. ტესტირება კიდევ ბევრ ადამიანს ჩაუტარდა, ჯერჯერობით დანარჩენი ყველა უარყოფითია”, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ არცერთი დღეს დამატებული შემთხვევა, ახალი კლასტერები არ არის.

მისივე თქმით, მარნეულში მცხოვრები ქალის ინფიცირების წყაროც შესაძლოა, მალე დაადგინონ.

„ჩვენი ეპიდკვლევით, შესაძლოა გავიდეთ ინფიცირების წყაროზე, მარნეულის ცნობილ შემთხვევაზე, ამ გზით უკვე მივდივართ. დანარჩენ ყველა შემთხვევაში ცნობილია ინფიცირების წყარო”, – ამბობს ის.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკარეტინე ტიკრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ინფიცირებულთა სტატისტიკაზე უსაუბრა.

„გამოვლენილი 67 შემთხვევიდაან ჩვენ გვყავდა ავსტრიის ორი მოქალაქე. გუშინ ღამით დაინიშნა სპეცრეისი და მათი მოქალაქეები გადაიყვანეს ავსტრიაში. დანარჩენი 65 ინფიცირებული შემთხვევიდაც ყველა არის საქართველოს მოქალაქე და მათგან 9, დღეის მდგომარეობით, არის გამოჯანმრთელებული; ანუ ამ ეტაპზე სტაციონარში გვყავს 56 კოროვანირუთ ინფიცირებული პაციენტი”, – განმარტავს ტიკარაძე.