სასამართლოს მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებისა და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის ფონზე ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს იმოქმედონ თავშეკავებითა და პასუხისმგებლობით, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ესკალაცია.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერის პეტერ სტანოს განცხადებით, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა მხოლოდ გულწრფელი პოლიტიკური დიალოგით შეიძლება. სტანო მოუწოდებს პოლიტიკოსებს, იმოქმედონ საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და აირიდონ დაპირისპირების გაღრმავება.
„აუცილებელია პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა მხარეთა შორის შეთანხმების მისაღწევად და პოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად.
საჭიროა ფართო პოლიტიკური ერთიანობა საქართველოში დაძაბულობის განმუხტვისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო ამბიციური და ინკლუზიური რეფორმების საშუალებით.
პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობას წარმოადგენს.
ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში პრესსპიკერის განცხადებაში.