იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რაც დაძაბავს სიტუაციას, გაზრდის პოლარიზაციას - ბორელი

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რაც დაძაბავს სიტუაციას და გაზრდის პოლარიზაციას.

ამის შესახებ ბორელმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ ძლიერი ადმინისტრაცია გაქვთ, ცოცხალი სამოქალაქო სექტორი გყავთ და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში“, – განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელს ბრიფინგზევე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ სახელმწიფო კონსტიტუციის დაცვას ცდილობს.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის წმინდად სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული სტილის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც, უპირველესად, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას. ვინ თუ არა პრეზიდენტი, პრემიერი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციის დაცვის და პატივისცემის. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდად სამართლებრივი თემა, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ. განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ იმპიჩმენტი მოხდეს, ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.