იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი მოქმედი პარლამენტის პირობებში აირჩევა - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის არჩევა მოქმედი პარლამენტის პირობებში მოხდება, – არსებული კონსტიტუციის საფუძველზე პროცედურების შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან კომენტარის დროს განმარტა.

მისივე თქმით, მომდევნო პრეზიდენტის არჩევა ახალი წესით მოხდება, რა დროსაც მას 300-კაციანი კოლეგია აირჩევს.

„თუ პირობითად იმპიჩმენტი განხორციელდა, ასეთ შემთხვევაში დაახლოებით თვე-ნახევარში დასრულდება ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა ახალი წესით…

შესაბამისად, თეორიულად, იმპიჩმენტის, გადადგომის და ასეთ შემთხვევაში 300-კაციანი კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში. ხოლო თუ სტანდარტულად ვითარდება პროცესები, ამ შემთხვევაში უკვე ახალი მოწვევის პარლამენტის პირობებში მოხდება პრეზიდენტის არჩევა”, – განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ 300-წევრიან კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი, საკრებულოების წევრები.

კობახიძისვე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს, იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება. რაც იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია იმის, რომ ოპოზიცია არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებას და რომ ის ალიანსშია პრეზიდენტთან.

„სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს იმის რწმენა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადიკალური ოპოზიცია მაინც არ დაუჭერს მხარს მის იმპიჩმენტს, შესაბამისად, ასეთ პირობებში, იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება.

…იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევა, რა თქმა უნდა, ეს კეთილსინდისიერების საკითხიც არის. თუ ვინმე ასეთ პირობებში არ დაუჭერს მხარს იმპიჩმენტს, კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება იმისა, რომ ოპოზიცია არ არის კეთილსინდისიერი, და მათ აქვთ ალიანსი სალომე ზურაბიშვილთან. ეს არის კეთილსინდისიერების, მორალის საკითხი, რომ დგინდება კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მაინც არ უჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს“, – განაცხადა კობახიძემ.