დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ, თუ მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნას 5 წელი დასჭირდება.
„მინდა, მოგახსენოთ გლობალური სიტუაცია ვაქცინებთან დაკავშირებით. დღეს უკვე 98 ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაცია. დაახლოებით 130 ქვეყანაა, სადაც ჯერ ვაქცინაცია არ დაწყებულა. დღეს, დილისთვის დაახლოებით 209 მილიონი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში, თუ ამ ტემპით გაგრძელდა, როგორც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში, გათვლილია: იმისთვის, რომ 75%-ზე ავიდეს მოცვა და შეიქმნას საზოგადოებრივი იმუნიტეტი, დასჭირდება 5 წელიწადი, რაც ძალიან ბევრია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, დიდი ქვეყნები, მაგალითად, აშშ ცდილობს, რომ ვაქცინაცია ივლისის ბოლოს დაასრულოს. ისრაელმა კი გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი ორჯერადი დოზით მოსახლეობა აცრილი ჰყავს გიბრალტარს, შემდეგ მოდის ისრეალი – 34%-ით; მესამეა სეიშელი – 22%-ით; მეოთხეზე სერბეთი – 7%-ით; მეხუთეზე – აშშ 5,9% და შემდეგ მოდის მალტა – 4,2%;
„აბსოლუტურ რიცხვში ყველაზე მეტია აცრილი აშშ-ში – 64 მილიონი; შემდეგ ჩინეთი – 40 მილიონი; გაერთიანებული სამეფო – 18 მილიონი; ინდოეთი – 11 მილიონი; ისრაელი – 82 მილიონი ერთი აცრით“, – განაცხადა გამყრელიძემ.